არიანე ფონ გრაფენრიდი (შვეიცარია)

არიანე ფონ გრაფენრიდი შვეიცარიელი პოეტი და დრამატურგია. მიღებული აქვს ბერნის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი თეატრალურ მეცნიერებებში. ფონ გრაფენრიდი მწერალთა კოლექტივის «Bern ist überall» წევრი და ბაზელის საერთაშორისო პოეზიის ფესტივალის კურატორია. 2005 წელს მუსიკოსსა და საუნდ-არტისტ რობერტ აებერჰარდთან ერთად ჩამოაყალიბა დუეტი "ფიცჯერალდი და რიმინი", რომლის პერფორმანსებში თავად მონაწილეობს, როგორც spoken word არტისტი. 2017 წელს გამოსცა წიგნი "ბაბილონ პარკი". მისი უახლესი პოეზიის კრებული "50 ჰერცი" სიდი დისკზე გამოვიდა. მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული პრემია. 

თავის ტექსტებში არიანე ხშირად შვეიცარიული დიალექტიდან მაღალ გერმანულ ენაში ინაცვლებს, ფრანგულიდან კი ინგლისურში. იგი ხშირად კვეთს ენობრივ საზღვრებს, გეოგრაფიულ გამყოფ ხაზებს და ესთეტიკას სოციალურ კრიტიკასთან, ფანტასტიკურს ფაქტობრივთან, სასაცილოს კი საეჭვოსთან აზავებს. უკვე მრავალი წელია ლიტერატურის, მუსიკის და პერფორმანსის შეკავშირებაზე მუშაობს. რობერტ აებერჰარდთან კოლაბორაციის შედეგად მისი ბევრი ტექსტი spoken song-ად იქცა.  

არიანეს მრავალ ფესტივალში აქვს მიღებული მონაწილეობა - შვეიცარიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, საბერძნეთში, ინდოეთში, პოლონეთში, სერბეთში, ხორვატიაში, კოსოვოში, მაკედონიასა და რუსეთში.  

 

 

სტამბოლი

 

აქ რომ ერთი რელინგთან დგას,

სხვა გართულა თევზის ჭამით,

ქრისტიანი წყლით დაბმულა,

დერვიში კი – ამ წყლის ჭავლით.

 

უხმაუროდ ამბობს ლოცვას დრაგ-კუინი,

მეწაღის ტვინს პლანი ათოვს,

"ფენერბახჩეს" ჩადრიანი ფანი კანქვეშ

მალავს გულის რეგულატორს.

 

აქ ორ ბერძენს ძლივს აკავებს მოაჯირი,

ბაწრებშია გახლართული სპეკულანტი,

ბიზანტიურ ნაგებობის ნარჩენებზე

დაგეშილა ამ ჩინელი მდედრის ფოტოაპარატი.

 

ქურთი ქალი აბს რომ ყლაპავს და სიმღერას რომ ზუზუნებს,

იმედი აქვს, დაამარცხებს ამ გზით თავის მძვინვარებას.

შვიდ მთას გახვრეტს გვირაბული მისი მზერა,

ხოლო მერე მოდრეიფე ნამსხვრევებით იფარება.

 

ბორანი კი, აი, უკვე ნავსაბელზე მისაბლულა,

დისუს, ჩაის არომატი იპყრობს ჰაერს.

ჩადიან და ამოდიან,

ევროპა და აზია და კვლავ ევროპა.

ჩადიან და ამოდიან,

კვლავ ის ხდება, რაც ხდებოდა.

ჰა, ახალი კონტინენტი,

ცვლილებისთვის  – მარადისის 20 წუთი.

 

ტრანსში მყოფს ჰგავს დიდვაჭარი, ზეგემბანზე აზვინული,

სეზამიან ბრეცელს ჭამს და თან ეცნობა

– მუსლიმანი კალვინისტი თუ გვეცნობა –

მიწისძვრის აპს და საბირჟო ბიულეტენს.

 

სომეხია, ნარდის თამაშს რომ სთავაზობს

ყველას, ვისაც მოუნდება, ბრმა კამათელს ანდოს ბედი,

მაგრამ დღემდე რაც წააგო, იმას ვერც დღეს

დაიბრუნებს, არ ეთმობა თუმც იმედი.

 

კიჩოზე მყოფს, ყველას თვლემა მორევია,

აქ თვით თვითმკვლელ ტერორისტსაც ჩაუყვინთავს,

ესიზმრება ბოლოსწინა თავის ძილში,

რომ არავის არაფერს ვნებს და რომ ყველას მხოლოდ იცავს.

 

ამ დროს ეწვის არქეოლოგ ქალს თვალები,

ივ სენ ლორანს მისი ყელი შარფით დაუმშვენებია,

ხელს აღმართავს და ბოსფორში ბოთლის წერილს გადაისვრის:

„#ირგვლივ ყველგან ტაქსიმია".

 

ბორანი კი, აი, უკვე ნავსაბელზე მისაბლულა,

დისუს, ჩაის არომატი იპყრობს ჰაერს.

ჩადიან და ამოდიან,

ევროპა და აზია და კვლავ ევროპა.

ჩადიან და ამოდიან,

კვლავ ის ხდება, რაც ხდებოდა.

ჰა, ახალი კონტინენტი,

ცვლილებისთვის  – მარადისის 20 წუთი.

 

გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ