ბერნჰარდ შლინკი (გერმანია)

 Photo: Gaby Gerster / © Diogenes Verlag 

ბერნჰარდ შლინკის თბილისში ვიზიტის ორგანიზატორია გოეთეს ინსტიტუტი.

ბერნჰარდ შლინკი 1944 წელს დაიბადა ქალაქ ბილფელდის მახლობლად, გერმანიაში. პროფესიით იურისტი, დღეს ბერლინსა და ნიუ იორკში ცხოვრობს. 1968 წელს დაამთავრა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო კონსტიტუციური სასამართლოს მოსამართლე, 1992 წლიდან 2006 წლამდე კი ასწავლიდა საჯარო სამართალს და სამართლის ფილოსოფიას ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში.

სამწერლო კარიერა დეტექტიური რომანების წერით დაიწყო, რისთვისაც 1989 წელს გლაუზერის პრემიაც მიიღო. 1995 გამოცემული მისი რომანი „წამკითხველი“ გერმანიასა და აშშ-ში თავიდანვე ბესტსელერად იქცა. რომანის მიხედვით სტივენ დოლდრიმ 2009 წელს ცნობილი ფილმი გადაიღო. წიგნი 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და მან მწერალს მთელს მსოფლიოში გაუთქვა სახელი.

შლინკს მიღებული აქვს არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პრემია, მათ შორის გერმანული Bundesverdienstkreuz (ღირსების ორდენი), ფრანგული “ღირსების ლეგიონის ორდენის“ კავალერის ტიტული და იტალიური „გრინცანე კავურის“ პრემია.

 

ნაწყვეტი რომანიდან „წამკითხველი“

არ ვიცი, ჰანა ხვდებოდა თუ არა, როგორ გამოიყურებოდა, ან იქნებ უნდოდა კიდეც, ასე გამოჩენილიყო. შავი კოსტიუმი და თეთრი პერანგი ეცვა. კოსტიუმის ჭრილი და პერანგზე შემოხვეული ჰალსტუხი მის ტანსაცმელს უნიფორმის იერს აძლევდა. ესესში მომუშავე ქალების უნიფორმა არასდროს მენახა, და ყველა იქ მყოფმაც მიიჩნია, რომ ახლა ჩვენ წინ სწორედ ეს უნიფორმა იყო და ის ქალი, რომელიც ამ უნიფორმაში გამოწყობილი ესესისთვის მუშაობდა, ნამდვილად იმ ყველაფრის ჩამდენი, რაშიც ბრალი ედებოდა.

დამსწრეები ისევ აჩურჩულდნენ. ბევრი მათგანი აშკარად აღშფოთებული იყო. თვლიდნენ, რომ ჰანა სასამართლო პროცესს, განაჩენს და მთელს დამსწრე საზოგადოებას, რომელიც განაჩენის მოსასმენად მოსულიყო, მასხრად იგდებდა. ნელ-ნელა ხმას აუწიეს და ჰანას მისამართით შეძახილებს ისროდნენ. ეუბნებოდნენ, რასაც მასზე ფიქრობდნენ, მანამ, სანამ დარბაზში სასამართლო შემოვიდოდა და მთავარი მოსამართლე ჰანასთვის ნასროლი დაეჭვებული მზერის შემდეგ განაჩენს გამოაცხადებდა. ჰანა ფეხზე მდგომი უსმენდა, გაუნძრევლად, წელში გამართული. განაჩენის დასაბუთების წაკითხვისას იჯდა. მის თავსა და კისერს თვალს ვერ ვაშორებდი.

 

გერმანულიდან თარგმნეს გვანცა შუბითიძემ და ნათია ლაფერაძემ

© გამომცემლობა ინტელექტი