ანდრეას ფლურაკისი

ანდრეას ფლურაკისი (დაბ. 1969) დრამატურგი და რეჟისორია. დაწერილი აქვს ოცზე მეტი პიესა, რომლებიც მრავალ ენაზეა თარგმნილი. მისი პიესები დაუდგამთ მსოფლიოს მრავალი თეატრის სცენაზე, მათ შორის: როიალ ქორთ თეატრი (ლონდონი), ესპანეთის ეროვნული თეატრი (მადრიდი), ლინკოლნის გეით თეატრი (ნიუ იორკი), გეით თეატრი (ლონდონი), „სტეგი“, ონასისის კულტურის ცენტრი (ათენი), ტრისტან ბეიტსის თეატრი (ლონდონი), ალბანეთის ეროვნული თეატრი (ტირანა), Maison d'Europe et d'Orient (პარიზი) და სხვა. 

მისი პიესები შეტანილი იყო ისეთი ფესტივალების პროგრამებში, როგორიცაა: HotINK (ნიუ იორკი), ჰელსინკის ფესტივალი, Gi60 (ნიუ იორკი), ოიუნ იაზის ფესტივალი (სტამბოლი), საერთაშორისო მონოდრამის ფესტივალი (პაფოსი, კვიპროსი), კულტურის ოლიმპიადა (ათენი), და შედარებითი დრამის ფესტივალი (ლოს ანჯელესი). მიღებული აქვს იუნესკოს საერთაშორისო თეატრის ინსტიტუტის მონოდრამის კონკურსის მესამე პრიზი (2006-2008), მწერალ-რეზიდენტის ჯილდო „როიალ ქორთის“ საერთაშორისო რეზიდენციაში (დიდი ბრიტანეთი) და ფულბრაიტის არტისტის ჯილდო (აშშ). 2014 წელს მისი პიესა „ძლიერი მუხლები“ დრამატურგიის ბიენალე „ეუროდრამის“ კონკურსის სამ რჩეულ პიესას შორის მოხვდა. ანდრეასი ასევე იყო კანზასის უნივერსიტეტის და სხვადასხვა ბერძნული ინსტიტუტების მოწვეული პროფესორი. 

 

ნაწყვეტი პიესიდან „მედეას ბურკა“

 

მედეა:

ახლა კი მზად ვარ, ყოველი წამი მოვინანიო.

ახლა თითქოს მოვმწიფდი ცოტა, გავიზარდე.

მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ბავშვი.

მარტო სამშობლო არ მიმიტოვებია, არც მარტო ოჯახი.

მეგობრები მივატოვე,

ენა მივატოვე.

ჩემი ახალგაზრდობა მივატოვე.

სამუდამოდ.

საზღვარი როგორც კი გადავკვეთე,

უმალ ლტოლვილად ვიქეცი.

საკუთარ მიწას მოწყვეტილი...

მიზეზი ყოველთვის მეორეხარისხოვანია.

მხოლოდ ლტოლვილობა რჩება.

გავხდი მიუღებელი სამყაროში,

სადაც ფიქრობდნენ, რომ უცხოელები თავიანთ

სამშობლოებში უნდა დატეულიყვნენ.

 

მზის ნათელმა მიგვატოვა.

კიდევ ერთი დღე გავიდა.

მზე შვეიცარიული საათივით ზუსტია,

ახლა, ამ დროს ჩემს ქვეყანას ათბობს.

ჩემს ქვეყანაში შესაძლოა არ არსებობდეს ბიზანტიური ტაძრები

ან მუზეუმები, ძველი ბერძნული ექსპონატებით სავსე.

მაგრამ ჩემს ქვეყანას აქვს მდელოები და მთები და

უდაბნოს საოცრებები.

ეს მზე დღეს მთელ დედამიწას მოივლის,

რომ ჩემს მშობლიურ სახლამდე მიაღწიოს,

ახლა ის უნდა გაათბოს.

 

ბერძნულიდან თარგმნა სოფიო შამანიდმა