ანდრი ლიუბკა (დაბ. 1987) პოეტი, მწერალი და ესეისტია. ავტორია რამდენიმე პოეტური კრებულის: "შიზოფრენიის რვა თვე" (2007), "ტერორიზმი" (2009), "40 დოლარი და ხურდა ფული" (2008); ასევე ავტორია პროზაული კრებულისა "მკვლელი" (2012), გერმანულ ენაზე გამოცემული ლექსების კრებულის «Notaufname» (ავსტრია, ინსბრუკი, 2012), ესეების წიგნის “ქალებთან წოლა” (2014), რომანის "კარბიდი" (2015, მოხვდა BBC უკრაინის წლის 5 საუკეთესო წიგნს შორის, პოლონური თარგმანი მოხვდა ცენტრალური ევროპის ანგელუსის პრემიის მოკლე სიაში 2017 წელს; წიგნი სლოვენიურად ლუბლიანაში 2019 წელს გამოიცა; ინგლისურად კი ლონდონში 2020 წელს), მოთხრობების კრებულის "სევდის ოთახი" (2016), ესეების წიგნის «Saudade» (2017), რომანის “შენი მზერა, ჩიო-ჩიო-სან” (2018), სამოგზაურო ესესი ბალკანეთის შესახებ "ბარბაროს ბის ძიებაში" (2019) და რომანისა “მცირე უკრაინული რომანი” (2020).
მიღებული აქვს "დებიუტის" (2007) და "კიევსკიე ლავრის" (2011) პრემიები. სულ ცოტა ხნის წინ გადაეცა კოვალიოვის ფონდის (აშშ) პრიზი, 2017 წელს კი საუკეთესო ესეების კრებულისთვის შეველიოვის პრემიის ლაურეატი იყო.
თარგმნის ლიტერატურას პოლონურიდან, ხორვატიულიდან, სერბულიდან და ინგლისურიდან. კურირებს ორ საერთაშორისო პოეზიის ფესტივალს. ცხოვრობს უჟგოროდში.
როგორ ვწერ მე?
მე ვწერ კირილიცათი, მარჯვენა ხელით,
ღამის ორ საათზე, ბლოკნოტში,
გვერდზე „18 აგვისტო, 2011“.
ამიტომ ღირდა ლექსისთვის ეს სახელი დამერქმია,
მაგრამ არა, მე მსურს ვწერდე შენზე,
მაგრამ ვწერ კირილიცათი, რაც ნიშნავს,
რომ ვწერ ძირითადად იგორსა და სვიატოსლავზე,
ნესტორზე, პამვაზე, გრიგორიზე და სხვებზე.
თუმცა რატომ „სხვებზე“? ვწერ ტარასზე,
ლუბლინის უნიზე, რწმენისთვის ბრძოლაზე,
რწმენის ღალატზე, როგორც ბრძოლაზე, კვიტკაზე,
ეკლესიასა და ბულგარეთზე (ხომ მიმიხვდით?),
ვწერ პავიჩის შეცდომაზე (ვინაიდან კირილემ და მეთოდემ
გამოიგონეს გლაგოლიცა), თითქმის არ ვწერ თანამედროვე
სერბეთზე (მოღალატეები!), არ ვწერ ვისკიზე, რადგან ვწერ
რახზე – აბა, სხვანაირად როგორ, მე ხომ კირილიცას ვიყენებ,
თუმცა კი ჩემი არ ესმის სამყაროს დიდ ნაწილს.
სიმართლე ითქვას, შენ უფრო ლათინური ანბანი მოგიხდებოდა,
მაგრამ მაპატიე, ასე აეწყო, და აწი
უკვე ვეღარაფერს ვიზამ:
უნდა ვწერო ანაზე, რომელიც საფრანგეთშია, ბოგდანზე, ივანეზე,
სამუელზე და ასე შემდეგ, რადგან ღმერთმა ჩვენ სამი რამით დაგვსაჯა:
აღმოსავლეთით, ძალაუფლებით და ანბანით.
მე ვწერ კირილიცათი: ასეთია ჩემი პირველი ცოდვა.
მომიტევეთ.
თარგმნა შოთა იათაშვილმა