ლიუბა იაკიმჩუკი 1985 წელს ლუგანსკის ოლქის ქალაქ პერვომაისკში დაიბადა. ამჟამად ცხოვრობს კიევში. იგი არის პოეტი, კინოსცენარისტი, დრამატურგი და მთარგმნელი. ავტორია რამდენიმე პოეტური კრებულის, მათ შორის: „როგორც მოდა“ (2009) და „დონბასის გარგარი“ (2015). ლიუბა იყო პირველი უკრაინაში, ვინც სამი სხვადასხვა ეროვნული პრემიით დაჯილდოვდა. მას გადაეცა ნიუ-იორკის International Poetic Award of the Kovalev Foundation-ის პრიზი და მოხვდა Forbes-ის რეიტინგში „10 საუკეთესო უკრაინული წიგნი ომზე“. ლიუბა იაკიმჩუკი ასევე არის ორი ფილმისა და ორი პიესის ავტორი. მისი პიესა „კედელი“ იდგმება ივან ფრანკოს სახელობის ეროვნულ აკადემიურ თეატრში. მისი ლექსები თარგმნილია დაახლოებით ოც ენაზე, მათ შორის ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, პოლონურ, რუსულ, შვედურ, რუსულ ენებზე და ივრითზე.
პოემიდან „დონბასის გარგარი“
იქ, სადაც გარგარი აღარ იზრდება,
იწყება რუსეთი
სახის ნახშირი
ზღვის ლურჯი თვალით
და სელის თმით
გახუნებულით
დგას მაღაროში
მუხლებამდე სწვდება წყალი და
დროშა კი არა
მამაა ჩემი.
პირისახე მიუგავს ნახშირს
მინდვრის შვიტას
წარღვნამდელი ანაბეჭდით
გაქელილით საუკუნეთა განმავლობაში
ზღვას ამყარებს მარილი
ხოლო ბალახს - ნახშირი
მამა კი ვაციწვერასავით
ჭაღარავდება
მამაკაცია
მამაკაცები კი არ ტირიან -
რეკლამაში ასე ამბობენ
თუმცა მაღარომ მის ლოყებზე
გააჩინა ბევრი თხრილი
და ნახშირი მოპოვებული
მისი სახიდან
დაიწვა დონბასის ღუმელებში
და კოცონებში
სადღაც მაღლა
მიწაყრილია
აბზეკილა მიწაყრილი
როგორც სფინქსი როგორც დრაკონი
რომ დაიცვას საკუთარი ტუტანჰამონი
და მხოლოდ მე ვარ რომელმაც ვიცი
რომ მიწაყრილი შუაგულ სტეპში
საცობებია იმ ბოთლების
მამა რომ სვამდა
და ფერფლია
მოწეული სიგარეტების
თარგმნა შოთა იათაშვილმა