ანასტასია ლევკოვა 1986 წელს დაიბადა. იგი მწერალი, ჟურნალისტი, რედაქტორი და კულტურის მენეჯერია. ანასტასია ლევკოვა არის ავტორი საყმაწვილო რომანისა „არც გოგონა და ჯერ არც ქალი“, და საბავშვო წიგნისა „აშუღი ომერი“ სახელგანთქმული ყირიმელი თათარი პოეტის შესახებ, ასევე საყმაწვილო სამეცნიერო- პოპულარული წიგნისა „საერთო ენა. როგორ იბადებიან და ცოცხლობენ სიტყვები“. 2017 წელს დაინიშნა „უკრაინის წიგნის ინსტიტუტის“ დირექტორის მოადგილედ. 2010-2018 წლებში მუშაობდა კულტურული მიმოხილვის განყოფილების რედაქტორად „უკრაინულ ჟურნალში“ (პრაღა). 2018 წლიდან არის ზაპოროჟიეს წიგნის ფესტივალის პროგრამის დირექტორი. 2019 წელს იყო უკრაინის პენ-ცენტრის მერეჟევოს პროექტის „ლიტერატურული კითხვა უკრაინის ქალაქებში“კოორდინატორი. მან შეიმუშავა 2018 წელს დაფუძნებული მწერლებისა და მთარგმნელების კონკურსის, „ყირიმული ლეღვის“ პრინციპები და ამავე წლიდან არის კონკურსის კოორდინატორი და ჟიურის წევრი.
წიგნები. სიყვარულისთვის,
სიძულვილისთვის, კვლავ
სიყვარულისთვის
(ფრაგმენტი)
2014 წლის 18-20 თებერვალს და იმ მოვლენებს რა უნდა უყო? (ეს თარიღი შენში ზღვის წყალივით ღელავს; მისი გაფიქრების ან გაგონებისთანავე ზღვა იზვირთება და მლაშე წყალი თვალებიდან გადმოგდის). ან კი რა უნდა მოუხერხო ამ ტკივილს, ამ ნერვულ წრიალს: იქ ისვრიან, აქ წიგნებში იქექებიან, სინამდვილეს გაურბიან, ატყუებენ მათ, რომელთაც იმდენი ძალა შერჩათ, რათა არ გაიქცნენ, რადგან ესმით: გაქცევა გამოსავალი არ არის. მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ხვდები: რომ არა წიგნები, თუნდაც მხოლოდ ბოლო 23 წელიწადში, მხოლოდ უკრაინაში გამოცემული წიგნები, ღირსების რევოლუცია ვერ მოხდებოდა. რადგან შენს ხალხთან სოლიდარობას, შენი ისტორიის დროგამძლეობის განცდას, უბრალო ღირსებას ან თუნდაც ისეთ თვისებებს, როგორიც ადამიანობა და თანაგრძნობაა, პირველყოვლისა, მაინც წიგნები გასწავლის. განსაკუთრებით, ისეთ ქვეყანაში, სადაც წლების მანძილზე საკუთარი კინემატოგრაფი არ არსებობდა. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მიდიხარ, რომ ყველაფერი, რაც კი ამ რევოლუციას კარგი ჰქონდა, წიგნების დამსახურებაა, ხოლო მისი ყველა უარყოფითი მხარე უწიგნურობით იყო გამოწვეული. იმასაც ხვდები, რომ მრავალი წლის შემდეგ ისინი, რომლებიც ამას არ შესწრებიან, 2014 წლის შესახებ წიგნებში ამოიკითხავენ. და ზღვის წყალი მათშიც ისევე აღელდება, როგორც შენში, როდესაც კრუტის მახლობლად მომხდარის, ანდა მიხაილო სოროკას შესახებ კითხულობ - ამბებს, შენამდე დიდი ხნით ადრე რომ მოხდა. ხვდები: თუკი სხვა გზა არ გაქვს და უნდა „იბრძოლო“, ჯობს ეს წიგნის ფურცლებზე გააკეთო, ვიდრე რეალურ ქალაქებსა და სოფლებში. და, თუკი სისასტიკეს თავს ვერ ავარიდებთ, ჯობს მასზე ვწეროთ და ვიკითხოთ, ვიდრე სისასტიკე ჩავიდინოთ ან ჩვენს თავზე გამოვცდოთ.
თარგმნა თამარ კოტრიკაძემ