ტარიკ ელ-ტაიბი დაიბადა 1959 წელს კაიროში. მას გამოცემული აქვს ხუთი რომანი, მოთხრობების ორი კრებული, ხუთი პოეტური კრებული, ერთი პიესა, ერთი ავტობიოგრაფიული წიგნი და ესეები არაბულად. მისი წიგნები გამოცემულია გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ, ფრანგულ, ესპანურ, მაკედონიურ, რუმინულ და სერბულ ენებზე. მისი ლექსები იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ანთოლოგიებსა და ჟურნალებში - შვედეთში, ჩინეთში, პორტუგალიაში, რუსეთში, უკრაინაში, ხორვატიაში, ბოსნიაში, მალტაში და სხვაგან. ტარიკ ელ-ტაიბი ამჟამად ასწავლის ავსტრიის სამ უნივერსიტეტში - ვენის, გრაცის და კრემსის.
ყავა და წყალი
დღეში ასჯერ მიმეორებს:
„უნდა დავბრუნდე.
არაფერი არა ყრია ამ ერთ ადგილას.
იქ კი სიკეთე, სიყვარულია და...“
დადუმდება.
ვეკითხები: „სად არის ეგ „იქ“?
ხელით მანიშნებს ნებისმიერი მიმართულებით,
სახის იერი უქრება და
ისევ ჩუმდება.
ხელს ჩავჭიდებ და ვსხდებით კაფეში,
წყნარ კუთხეში, ერთ მაგიდასთან.
მისთვის ყავას, ჩემთვის წყალს ვითხოვ.
ვესაუბრები არაბულად და
წყალს ყავაში გადავუზავებ.
შეწუხებული მეუბნება: „ხომ არ გაგიჟდი?!“
ცდილობს, რომ წყალი ყავისაგან გამოაბრუნოს.
ცდილობს,
ცდილობს
დააბრუნოს კვლავ წყალთან წყალი.
არაბულიდან თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ