იულია ტიმოფეევა 1982 წელს დაიბადა. იგი პოეტი და მთარგმნელია, არის სამი პოეტური კრებულის ავტორი. მისი ბოლო კრებული “პირი“ მინსკში 2020 წლის არჩევნების ფალსიფიკაციამდე რამდენიმე დღით ადრე გამოიცა. იულიას ლექსები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე, პოეტური კრებულები გამოცემულია პოლონეთსა და გერმანიაში. თავის მეუღლესთან, ალჰერდ ბახარევიჩთან ერთად მონაწილეობდა მინსკის 2020 წლის მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებში. ეს ყველაფერი დღიურის ფორმითა აქვს დაწერილი. იმ დღეების ქრონიკები გამოიცა შვედეთში სახელწოდებით „დღეები ბელარუსში“ (გამომცემლობა Norstedts, 2020) და გერმანიაში სახელწოდებით „მინსკი. დღიური“ (გამომცემლობა edition.fotoTAPETA, 2021).
ცირკი
რომ დავიბადე
მოხეტიალე ცირკი მეჯდა
სხეულში, შიგნით.
წარმოიდგინე, პოლესიეს
მიყრუებული სოფლიდან ცირკი.
ჟონგლიორები, აკრობატები,
ქალები წვერ-ულვაშიანი...
სირცხვილი და თავის მოჭრაა!
ჩემთან ერთად იზრდებოდა ეს ცირკი და
როგორც მგლის ლეკვს სურს ხორცის ნაჭერი,
ისე სურდათ მათაც მუდამ ფოიერვერკები
და ფართო გზები,
და არა ჭარხლის კვლებში დგომა,
კოლორადოს ხოჭოები და ცრურწმენები.
მე ვმალავდი ისე, როგორც ჰერბარიუმს,
ცირკს ფურცლებს შორის,
ჟონგლიორებს, აკრობატებს და
წვერიან ქალებს ვაბრტყელებდი იმის იმედით,
რომ შევძლებდი გამოშრობას
მათი ხარბი სხეულებისა.
მაგრამ ცირკის მსახიობები
უარს ამბობდნენ სიკვდილზე და
იზრდებოდნენ და ძლიერდებოდნენ
ასო-ნიშნების კალორიებით -
წიგნის ფურცლების საბნების ქვეშ,
ჩემი სხეულის კარავში მსხდომნი.
ისინი სწავლობდნენ საცირკო ნომრებს,
გოჭებივით, ჭუკებივით, წიწილებივით.
ხოლო როცა მოღონიერდნენ -
ოთხთვალები მოძებნეს და
დაჩხაპნეს რუკა - გააკეთეს ყველაფერი,
რაც უნდოდათ, და რისკენაც ასე ილტვოდნენ.
და ცირკის ამ მსახიობებმა
მომიპარეს, შემახრამუნეს.
და როგორც იქნა
თავიანთი მოხეტიალე ცირკი გახსნეს
მათ ჩემში, შიგნით.
თარგმნა შოთა იათაშვილმა