რასიმ გარაჯა 1960 წელს დაიბადა. წერს და თარგმნის ლექსებს, მოთხრობებს და ესეებს. არის თავისუფალ მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლიტერატურისა და ხელოვნების ჟურნალ „ალატორანის“ მთავარი რედაქტორი. მან დააფუძნა პირველი დამოუკიდებელი მწერალთა ორგანიზაცია აზერბაიჯანში, პირველი დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალი და ასევე პირველი ლიტერატურული ვებგვერდი აზერბაიჯანულ ენაზე. მისი პოეტური კრებულები თარგმნილია და გამოცემულია თურქეთში და ირანში.
* * *
ყოველდღე თითო ფოთოლი წყდება
ზოგჯერ კი – ორი
* * *
თევზის თვალებით შევხედე, ვნახე
* * *
საფერფლესა და ჩემს შორის ახლა
ქალის ფოტოა
* * *
მიბარებ „როცა შინ დაბრუნდები
ხორცის, პამიდვრის და კბილის პასტის
ყიდვა არ დაგავიწყდეს“
და დერეფნის აქეთა თავში
მზეს ახატინებ საკუთარ სურათს
* * *
მზე მაქვს ოფლის თვითეულ წვეთში
მთელი კოსმოსი მოგართვი ახლა
* * *
ბორბლებქვეშ ქალის
გაბრტყელებული თმის ბიგუდები
* * *
გინახავთ ბავშვი
გზაზე რომ შარდავს
და თავის სახელს წერს იმავ შარდით
ისე უნდა იცხოვროს კაცმა
* * *
შეხედე ძაღლის აზრიან თვალებს
კაცს ეგონება ამეტყველდება
და იტყვის პირველ ცხოვრებაში მე ის ვიყავი
ვინც ახლა შენ ხარ
* * *
რკინიგზის ვაგზალს გამოსცდა და
შემოდგომა მოდის ქალაქში
* * *
მე ამ ცხოვრებას შევეჯახე და
სიტყვად ვიქეცი
აზერბაიჯანულიდან თარგმნა იმირ მამედლიმ