არიანა ჰარვიცი 1977 წელს ბუენოს-აირესში დაიბადა. ავტორს ხშირად ნატალი საროტს და ვირჯინია ვულფს ადარებენ. თანამედროვე არგენტინულ ლიტერატურაში იგი ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ფიგურაა. არიანა ჰარვიცმა აკადემიური ხარისხი პერფორმანს-არტის მიმართულებით პარიზის VII უნივერსიტეტში მიიღო, მაგისტრის წოდება კომპარატივისტიკაში კი სორბონის უნივერსიტეტში. არიანას პროზისთვის დამახასიათებელია თამამი, ეროტიკული და ირონიული თხრობა და ოჯახისა თუ კონვენციური ურთიერთობების გარშემო დამკვიდრებული კლიშეების პირდაპირი კრიტიკა. მისი პირველი რომანი, „მოკვდი, სიყვარულო“, 2017 წელს მოხვდა Republic of Consciousness Prize-ის მოკლე და ბუკერის საერთაშორისო პრემიის გრძელ სიაში. არიანას „უნებლიე ტრილოგიაში“ გამოცემული აქვს სამი რომანი: „მოკვდი, სიყვარულო“ (2012), „სუსტი ფსიქიკა“ (2014), „ნაადრევი“ (2015). 2019 წელს მისი მეოთხე წიგნი, „დეგრადირებული“ გამოიცა. არიანას რომანები რამდენიმე ქვეყანაში (ესპანეთი, არგენტინა, ისრაელი) თეატრისთვის ადაპტირდა და სცენაზე დაიდგა. მისი წიგნები თარგმნილია თხუთმეტ ენაზე: ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, არაბულად, თურქულად, ბერძნულად, რუმინულად და სხვა. 2019 წელს „მოკვდი, სიყვარულო“ „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა. რომანი ქართულად თარგმნა თამარ ლეჟავამ.
მოკვდი, სიყვარულო!
(ფრაგმენტი)
ტოტებდახრილი ხეების ქვეშ, ბალახზე ვიწექი. მზის სხივი ხელისგულს მიხურებდა, რაც უცნაური შეგრძნებით მავსებდა: თითქოს ბასრი დანით ჭრილობა მომაყენეს და სისხლისგან ვიცლებოდი. ძველი, მყუდრო სახლის უკანა ეზოდან ქმარ-შვილის ხმები მესმოდა. ორივე დედიშობილა ჭყუმპალაობდა პატარა, ცისფერ აუზში, რომელშიც წყალი ოცდათხუთმეტ გრადუსამდე იყო გამთბარი. კვირადღე იდგა და საღამოს დღესასწაულიც გველოდა.
მათგან რამდენიმე ნაბიჯით დაშორებული, ბუჩქებში ჩამალული ვუთვალთვალებდი და ვფიქრობდი: როგორ შეიძლებოდა, ასეთი სუსტი და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ქალი, რომელსაც ხელში გამუდმებით დანა ელანდებოდა, ყოფილიყო დედა და ცოლი ამ ორი არსებისა. რას ვაპირებდი? მთელი ტანით სიცხისგან დახეთქილ მიწაზე გავერთხი. ნაპრალში ჩაძრომა და სხეულის დამალვა მომინდა. მათ დახოცვას ნამდვილად არ ვაპირებდი. დანაც დავაგდე. სარეცხის გაფენა გავაგრძელე. თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. თოკზე საგულდაგულოდ ვამაგრებდი ბავშვისა და მამაკაცის წინდებს, საცვლებს, პერანგებს. სოფლელ, ხეპრე ქალებს ვგავდი, რომლებიც სარეცხის გაფენის შემდეგ ხელებს კაბის კალთაზე იმშრალებენ და სამზარეულოსკენ გარბიან ცეცხლზე შედგმული სადილის ქვაბის მისახედავად. ასეთი ქალები ხომ არავის აინტერესებს. ქათქათა სარეცხის გაფენა მათთვის უკვე დიდი წარმატებაა. ერთმანეთზე დალაგებულ მორებთან დავწექი. შეშა ცივი სეზონისთვის უკვე დაჩეხილი იყო. აქ ხალხი გაცხოველებით ემზადება ზამთრისთვის. ცხოველებსა და ადამიანებს დიდად არაფერი გვანსხვავებს ერთმანეთისგან. ჩემში, მაგალითად, განათლებულ, უნივერსიტეტდამთავრებულ ქალში, უფრო მეტია ცხოველური, ვიდრე ამ გამოფიტულ, ჯოხით პირდაღებული წითელი მელიების ფიტულებში.
ესპანურიდან თარგმნა
თამარ ლეჟავამ