"თბილისში რამდენჯერაც უნდა ჩამოვიდე, იმდენჯერ წელიწადის მეხუთე, მოულოდნელი დრო მხვდება - ზაფხული გაზაფხულის ან ზაფხული შემოდგომის შუაგულში. მაშინებს იმის წარმოდგენა, რა შეიძლება მოხდეს, თუ ზაფხულში ჩამოვალ... საინტერესო ქალაქებში ლექსები მეწერინება, არასაინტერესო ქალაქებში კი - არა. თბილისის ფესტივალი ისეთი საინტერესოა, რომ უბრალოდ მენანება მათზე დროის ხარჯვა. აქ პოეზია უბრალოდ დასიზმრებას იწყებს. კედლებიდან თბილისური გრაფიტის გამოსახულებები გადმოდიან და ღამეულ ძაღლებს უხმობენ. ძაღლები ადამიანის ხმით გიწვევენ ტაილანდური მასაჟის მისაღებად. ტაილანდელი მასაჟისტები ბუკინისტები აღმოჩნდებიან და, სარგებლობენ რა ჩემი უცოდინრობით, ცდილობენ, ჩემივე ლექსების ქართული თარგმანები შემომასაღონ. და მეც, ყველა მასაჟისტთან და ბუკინისტთან ერთად ვჯდები სამარშრუტო ტაქსიში, ზღვა და მთები რომ მოვინახულო. „მარშრუტკა“ საცობში ხვდება, რადგან თბილისის ფესტივალზე ძალიან ბევრი პოეტია ჩამოსული და ყველას თავისი ღამის „მარშრუტკა“ ჰყავს. ამ დროს ერთ-ერთი მათგანის მძღოლი ხმამაღალ მუსიკას რთავს და მთელი ქალაქი, ღვინისა და ჩურჩხელის გამყიდველები, პოეტები და ღამეული ძაღლები, ზღვა და მთები სიმღერას ყვებიან და ცეკვას იწყებენ. „მარშრუტკიდან“ ჩამოსვლისას ბელარუსის სასაზღვრო კონტროლი მხვდება. მე მართმევენ ღვინოს და ჩურჩხელას, ზღვასა და მთებს და სიზმარში მოფიქრებულ ლექსებსაც კი. მიტოვებენ მხოლოდ ამ ტექსტს საბაჟო დეკლარაციის სახით."
2018 წლის ფესტივალის მონაწილე, ბელარუსი პოეტი ანდრეი ხადანოვიჩი