ფესტივალის მონაწილეების გამოხმაურებები

ყველაზე მეტად გულში მომხვდა და დღემდე არ მტოვებს იმის განცდა, რომ თბილისი თავისთავად არის ტექსტი. ერთგვარი ქალაქი-რომანი, ყველაზე შორეული თაროდან გადმოღებული, მხოლოდ იმისთვის, რომ გონებაში გააცოცხლო ზოგიერთი ფურცელი. როგორც კი წიგნს შლი, მაშინვე ეჯაჭვები მას, და მისი ქუჩები მტვრიანია, როგორც ბუკინისტური გამოცემის გვერდები, და პოეტები ჰგვანან კრიმინალური დრამების გმირებს, და მისი ქალები ითხოვენ, რომ მათ რითმით მიმართავდნენ. ხოლო როცა რომანს ბოლომდე ჩაიკითხავ, გულდაწყვეტით გადადებ გვერდზე. მაგრამ გადადებ ახლომახლო, რათა ყოველთვის შეგეძლოს ხელით მიწვდე მას.

სერგეი ჟადანი (უკრაინა)

 

როგორც კი ჩემმა თვითმფრინავმა გვიან ღამით მიწაზე დაშვება დაიწყო, კავკასიონზე გაელვება შევნიშნე, გაელვება, რომელიც ჯერ ჩქარი მდინარის მიერ არეკლილ ქუჩის განათებად იქცა, შემდეგ "კი უძველესი ბაღების ლამპიონებში გაკრთა, ღვინის თანმხლები სანთლების ალად გარდაიქმნა. მე კი არ მასვენებდა ფიქრი და ცოდნა იმისა, რომ პირველად ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი, რაც უწინ მხოლოდ ჩემს თავში შიშხინებდა და რასაც ვწერდი, ახლა რეალურ ცხოვრებაში ტრიალებდა ჩემს თვალწინ. სწორედ ასეთი მახსოვს თბილისი. თითქოს რაღაც წარმოსახულმა ხორცი შეისხა და ჩვენ ყველანი იქ ვიყავით, ერთად წარმოვიდგენდით ამ ყველაფერს. იმედი მრჩება, რომ ერთ დღეს კვლავ შევძლებ ამის გაკეთებას. იქამდე კი, შემიძლია მხოლოდ ვწერო.

დიბისი პიერი (დიდი ბრიტანეთი)

 

მრავალი წლის განმავლობაში ვსტუმრობ სხვადასხვა ლიტერატურულ ფესტივალს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ ადგილებში. შარშანდელი ფესტივალი თბილისში საოცარი იყო - ძალიან თბილი (სამხრეთული!) გარემო, კოლეგების- მონაწილეების არაჩვეულებრივი გუნდი და ასეთი დიდი ყურადღება ორგანიზატორებისგან. და, რა თქმა უნდა, თვითონ ქალაქი - საქართველოს ფანტასტიური დედაქალაქი. თუ თქვენ ამ ლიტერატურულ ფესტივალზე დაგპატიჟებენ, ჩათვალეთ რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ხართ.

იური ანდრუხოვიჩი (უკრაინა)

 

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი შეიძლება არ იყო ყველაზე დიდი და მდიდარი ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია, მაგრამ ნამდვილად იყო ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და ხელგაშლილი. ფესტივალის მოტივირებული გუნდი და ძალიან თბილი, აქტიური აუდიტორია თავს მუდმივად ისე გაგრძნობინებენ, თითქოს სახლში ხარ.

ეთგარ კერეთი (ისრაელი)

 

თბილისი და მისი შემოგარენი ულამაზესი აღმოჩნდა უძველესი ისტორიით, მდიდარი კულტურით და ცოცხალი კაფე-ბარებით, რომელთა ხმაური თან ერთვოდა მდინარის ჩუმ დინებას. საქართველოს მწერალთა სახლი - ფესტივალის მთავარი სცენა, თავისი წარმტაცი ბაღითა და არქიტექტურით ლიტერატურისადმი მიძღვნილი ყველაზე ლამაზი ადგილია, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ. მთელი მსოფლიოდან ამ პატარა სამყაროში მოხვედრილი ლექსები გამოირჩეოდნენ მრავალფეროვნებით, პოეტების განსაკუთრებულ ლიტერატურული მემკვიდრეობას უსვამდნენ ხაზს და ერთობლივად და ჰარმონიულად მღეროდნენ მუზისა და ჰუმანიზმის ჰიმნს. პირადად ჩემთვის ფესტივალიდან შემორჩენილი ყველაზე ძვირფასი მოგონებები ხალხს ეხება: იმ ქართველებს, რომლებიც ფესტივალისთვის მუშაობდნენ და სტუდენტებს, რომლებსაც უნივერსიტეტებში შევხვდი - ახალგაზრდა თუ მოხუცი, ყველა ასხივებდა მოზეიმე სულს, ინტელექტუალურ ცნობისმოყვარეობასა და თბილ სტუმართმოყვარეობას. და ამ ხალხის ზურგს უკან - ქართველი პოეტების დასამახსოვრებელი ფოტოები მწერალთა სახლის კედლებზე, მათი, ვინც სიცოცხლე პოეზიის სიყვარულსა და სამშობლოს შესწირა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მათმა სიცოცხლემ ახალი ძალა შეიძინა, ჯერ კიდევ ახალგაზრდანი და ოცნებებით დატვირთულნი წამიერად წარსულიდან გამოთავისუფლდნენ და ჩვენი გავლით საკუთარი თავი ფესტივალის „აქ და ახლა“ წამისკენ მიმართეს. უცნაურია, მაგრამ ეს მოგონებები ჩემთვის „სახლის“ განსახიერებაა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში პირველად ვიყავი. იმედი მაქვს ერთ დღესაც უკან დავბრუნდები...

იასუჰირო იოცუმოტო (იაპონია)

 

თბილისში ჩამოვედი მშრალი შეხვედრებით და გამოკითხვებით დატვირთული კონფერენციის მოლოდინში, სანაცვლოდ კი, რაც იქ დამხვდა, გული გამილღო. ამ ფესტივალის მსგავსი არაფერი მენახა. დაუჯერებელი სილამაზის ქალაქში ადამიანების ველური მრავალფეროვნებით და იდეებით ვიყავი გარშემორტყმული და ვზეიმობდი მეგობრობას, რომელიც ყველა საზღვარს აბათილებდა. ამ მოგონებებს სამუდამოდ ვატარებ თან.

აიზეკ მერიონი (აშშ)

 

თბილისში რამდენჯერაც უნდა ჩამოვიდე, იმდენჯერ წელიწადის მეხუთე, მოულოდნელი დრო მხვდება - ზაფხული გაზაფხულის ან ზაფხული შემოდგომის შუაგულში. მაშინებს იმის წარმოდგენა, რა შეიძლება მოხდეს, თუ ზაფხულში ჩამოვალ... საინტერესო ქალაქებში ლექსები მეწერინება, არასაინტერესო ქალაქებში კი - არა. თბილისის ფესტივალი ისეთი საინტერესოა, რომ უბრალოდ მენანება მათზე დროის ხარჯვა. აქ პოეზია უბრალოდ დასიზმრებას იწყებს. კედლებიდან თბილისური გრაფიტის გამოსახულებები გადმოდიან და ღამეულ ძაღლებს უხმობენ. ძაღლები ადამიანის ხმით გიწვევენ ტაილანდური მასაჟის მისაღებად. ტაილანდელი მასაჟისტები ბუკინისტები აღმოჩნდებიან და, სარგებლობენ რა ჩემი უცოდინრობით, ცდილობენ, ჩემივე ლექსების ქართული თარგმანები შემომასაღონ. და მეც, ყველა მასაჟისტთან და ბუკინისტთან ერთად ვჯდები სამარშრუტო ტაქსიში, ზღვა და მთები რომ მოვინახულო. „მარშრუტკა“ საცობში ხვდება, რადგან თბილისის ფესტივალზე ძალიან ბევრი პოეტია ჩამოსული და ყველას თავისი ღამის „მარშრუტკა“ ჰყავს. ამ დროს ერთ-ერთი მათგანის მძღოლი ხმამაღალ მუსიკას რთავს და მთელი ქალაქი, ღვინისა და ჩურჩხელის გამყიდველები, პოეტები და ღამეული ძაღლები, ზღვა და მთები სიმღერას ყვებიან და ცეკვას იწყებენ. „მარშრუტკიდან“ ჩამოსვლისას ბელარუსის სასაზღვრო კონტროლი მხვდება. მე მართმევენ ღვინოს და ჩურჩხელას, ზღვასა და მთებს და სიზმარში მოფიქრებულ ლექსებსაც კი. მიტოვებენ მხოლოდ ამ ტექსტს საბაჟო დეკლარაციის სახით.

ანდრეი ხადანოვიჩი (ბელარუსი)

 

დაახლოებით 50 ფესტივალიდან, რომელზეც ვყოფილვარ, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი უდავოდ საუკეთესოა. არადა მერწმუნეთ, ბევრი ძალიან კარგი ფესტივალი არსებობს. TIFL კომბინაციაა ყველაფრისა, რაც ლიტერატურას მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის.

არნე სვინგენი (ნორვეგია)

 

საქართველო ცივილიზაციების გზაჯვარედინია, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი კი - ენების. ინტიმური ყაიდის ფესტივალი, თავდადებული გუნდითა და შთამბეჭდავი ადგილებით, ზედგამოჭრილი გარემოა ტრანსფორმაციული საუბრებისა და მაცოცხლებელი პერფორმანსებისთვის. აქ პოეზია ითქმის!

ჩარლზ ბერნსტაინი (აშშ)

 

​ეს ლიტერატურული ფესტივალი ქუჩებითა და აივნებით დაფარული ჯადოსნური მთიანი ხედების ფონზე მიმდინარეობს. ჩემთვის თბილისი მზის ქალაქის სიზმრებიდან გამოსული ქალაქია - უნიკალური ანბანით, ენით, ხელოვნებით, სამზარეულოთი და საუკეთესო სტუმარმასპინძლობით, ღამის ორ საათზე დაუსრულებელი ღვინის სმითა და ზეიმით. ლიტერატურული საღამოების მასპინძელი მწერალთა სახლი დახვეწილი სივრცეა თავისი ისტორიული მემკვიდრეობითა და დიდი და ყურადღებიანი აუდიტორიით.​ ​განსაკუთრებით შემძრა ფესტივალის მიერ ორგანიზებულმა ტურმა „წითელი ტერორის“ შესახებ ტური მზით განათებული ქუჩებიდან სასტიკი ძალადობით დაღდასმული ადგილებისკენ გაგვიძღვა.​ ​​ქართული კულტურა უძველესია და ყველასგან განსხვავებული. ხელიდან არ უნდა გაუშვათ ხელოვნების მუზეუმში ფიროსმანის ნახვის შესაძლებლობა! და მზად უნდა იყოთ ბევრი ლამაზი და სტუმართმოყვარე ადამიანის გასაცნობად.

ვალჟინა მორტი (ბელარუსი)

 

​​წლების განმავლობაში მრავალ ფესტივალს დავსწრებივარ, მაგრამ არცერთი არ ყოფილა თავისი მასშტაბით ისეთი განმანათლებლური და საერთაშორისო, როგორც თბილისის. ამ ფესტივალზე შედგა სწორედ ისეთი კულტურული დიალოგი, როგორსაც მოელი ასეთი შეხვედრებისა და შემთხვევებისგან. ფესტივალის გუნდის სითბო და გულუხვობა კი ნამდვილად შეუდარებელი იყო. ამას დავუმატოთ თავად საქართველოს არაჩვეულებრივი, უძველესი და თანამედროვე კულტურული ლანდშაფტი, რომელიც ფესტივალმა ყველა მონაწილეს წარუდგინა და იქ ყოფნის გამოცდილება ღრმად დასამახსოვრებელი გახადა.

მაიკლ პალმერი (აშშ)

 

​ყველასგან განსხვავებული ფესტივალი არაჩვეულებრივ სასახლეში. სახლში, სადაც სიცოცხლე და ამბები ისე რეკენ, როგორც მუსიკალური ყუთის ხმა. აქ შეხვდებით ევროპის ყველა ენის ხმას და კიდევ უფრო მეტს. აქ გაქვთ ამოუცნობი საქართველოს ხმების მოსმენის იღბლიანი შანსი. სიტყვების დიდი წვეულება ლამაზი, მეგობრული და ცოცხალი დედაქალაქის გულში. ადგილი, რომელიც უნდა მოინახულო, სადაც უნდა დარჩე და დაბრუნდე.

მელანია მაცუკო (იტალია)

 

მწერალთა სახლი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ადგილია, ფესტივალი კი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ღონისძიება, რომლის მონაწილეც ვყოფილვარ. ქვეყნის კულტურა არაჩვეულებრივია, ქალაქი კი, შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი. ხალხი ძალიან თავაზიანი და სტუმართმოყვარე. იმედია, მალე დავბრუნდები.

ბლეიკ კრაუჩი (აშშ)​​