ალბათ არ არსებობს მსოფლიოში პოეტი, თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულება რომ არ ჰქონდეს უოლტ უიტმენის შემოქმედებისადმი. ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მძაფრდება, როცა საქმე ამერიკელ პოეტს ეხება. ამიტომ ბუნებრივიცაა, რომ ამ საიუბილეო საღამოს ფესტივალის მონაწილე ამერიკელი პოეტი, მაიკლ პალმერი გახსნის. მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკული ლიტერატურის პროფესორი თემურ კობახიძე გაესაუბრება.
საიუბილეო საღამოში მონაწილეობას მიიღებენ უოლტ უიტმენის შემოქმედების ქართველი მთარგმნელები. უიტმენის პირველი მთარგმნელები იყვნენ : XX საუკუნის დასაწყისის ქართული მოდერნისტული რომანის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი კონსტანტინე გამსახურდია, მისი ვაჟი, მომავალში საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ბრწყინვალე მთარგმნელი და კინორეჟისორი
ლანა ღოღობერიძე და ქართული მთარგმნელობითი სკოლის დიდოსტატი, პოეტი თამაზ ჩხენკელი.
1855 წელს გამოცემული მსოფლიო პოეზიის საეტაპო წიგნი „ბალახის ფოთლები“ ქართულად პირველად 1966 წელს გამოიცა. უოლტ უიტმენის ეს კრებული საბჭოთა რეალობაში მეტად უჩვეულო და შთამბეჭდავი მოვლენა იყო. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ წიგნზე ბევრი პოეტური თაობა აღიზარდა. მისი გამოცემიდან უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა. მით უფრო საინტერესო და ამაღელვებელი იქნება წიგნის შედგენის და გამოცემის ამბების გახსენება ლანა ღოღობერიძისაგან.
ჩვენ ვთხოვეთ ფესტივალის მონაწილე პოეტებს, რომ თავიანთ ენებზე წაეკითხათ ჩვენთვის უოლტ უიტმენის უკვდავი პოეზია.
ეს პოეზიის ერთიანობის ზეიმი იქნება, და ზეიმის ამ განწყობით დაიხურება თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი!