ლიტერატურული მისტიფიკაცია მწერლების უძველესი ხრიკია. სქესის, ეროვნების, ან ასაკის შეცვლა და გამოგონილი ადამიანის ტყავში შესახლება მწერლებს რაკურსს აცვლევინებს, სათქმელს უმახვილებს, ხშირად იმას ათქმევინებს, რასაც მიზეზთა გამო საკუთარი სახელით ვერ იტყოდნენ. ქართულ ლიტერატურაში დღემდე ყველაზე ხმაურიან და სადავო მისტიფიკაციად პაოლო იაშვილის „ელენე დარიანის დღიური“ რჩება. თუმცა, მე-20 საუკუნის დასასრულისა და 21-ე საუკუნის დასაწყისის დამოუკიდებელ საქართველოში ასევე ბევრ ორიგინალურ და წარმატებულ მისტიფიკაციას ჰქონდა
ადგილი.
მისტიფიკატორ ავტორთა სრული სურათის დანახვა ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელიც კია. ვიღაც ყოველთვის წერს სხვის სახელს ამოფარებული და ეს ჯერ არავინ იცის; ან არ იცის ფართო პუბლიკამ, მაგრამ უკვე გაჩენილია ეჭვები ლიტერატორთა ვიწრო წრეში; ან ამის შესახებ იცის მხოლოდ ორიოდე მეგობარმა და რედაქტორმა. ბოლო პერიოდის ქართული მისტიფიკაციებიც ასეთია; თანდათან ჩნდებოდა ეჭვები, ბოლოს კი ცხადდებოდა მისტიფიკაცია, ან ავტორი საკუთარი ნებით იხსნიდა იდუმალ ნიღაბს.
2019 წლის თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე ათი მისტიფიკატორი ავტორი პუბლიკის წინაშე საკუთარი ისტორიებით წარდგება. რაღაც ისტორიები საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ზოგიერთი ავტორი კი ფესტივალის სცენაზე პირველად აღიარებს თავის ლიტერატურულ „დანაშაულს“ და ღიად ილაპარაკებს მის შესახებ: წარადგენს ნაბეჭდ ფაქტებს, წაიკითხავს საკუთარი ალტერ-ეგოს ნაწარმოებებს, გაიხსენებს, თუ რამ უბიძგა ასეთი ნაბიჯის გადადგმისაკენ. ოთხი საფესტივალო დღის ბოლოს მწერალთა სახლის სცენა ასეთ იდუმალ ქართულ პროგრამას დაეთმობა, საინტერესოს როგორც რიგითი მკითხველისთვის, ისე ქართული ლიტერატურის მკვლევარებისთვის.