მირიამ რეიესი (ესპანეთი)

პოეტი პერფომანსერი და ვიდეო-არტისტი. დაიბადა გალისიურ ქალაქ ორენსეში. გაიზარდა კარაკასში, სადაც 8 წლის ასაკიდან გადავიდა საცხოვრებლად.  დამთავრებული აქვს ვენესუელას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ესპანური ფილოლოგიის კათედრა. მაგისტრის ტიტული მოპოვებული აქვს ბარსელონას უნივერსიტეტში. ესპანეთისა და ვენესუელის გარდა ხანგრძლივი პერიოდი აქვს გავლილი ნიდერლანდებსა და იორდანიაში. ამჟამად ცხოვრობს ბარსელონაში.

მირიამ რეიესს გამოქვეყნებული აქვს 6 პოეტური კრებული ესპანეთსა და არგენტინაში. მისი ლექსები თარგმნილია პორტუგალიურ, იტალიურ, ინგლისურ, სერბო-ხორვატულ ენებზე. ის საგამომცემლო სახლ Marisma-ს თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი დირექტორია. ნათარგმნი აქვს თანამედროვე პოეზიის სხვადასხვა ნიმუშები გალისიურ, ესპანურ, კატალონიურ და პორტუგალიურ ენებზე.

2000 წლიდან პოეზიას უთავსებს ფოტოგრაფიას და თანამედროვე ტექნოლოგიებს, ვიდეოხელოვნებასა და პერფორმანსებს. 

 

***

მდინარე დაფარული ღმერთიაო, ამბობენ.

ღმერთს ვერსად ვხედავ,

ვხედავ მხოლოდ წყალსა და ქვიშას.

ღმერთი, ჩემი საწოლის ქვეშ რომ მიედინება,

მკარნახობს, როგორ უნდა ვკეცო კუთხეები, ისე რომ სახლი 

ქაღალდის ნავად არ გადამექცეს.

ვიცი, ეს სახლი წყლის მოზღვავებას ვერ გაუძლებს და

ვერც მგლის სულის შებერვას ვერ გადაურჩება.

არქიტექტორს არ შეუქმნია მისი პროექტი -

უკედლებო, მზის შუქი რომ არ დამეჩრდილოს,

დაფარული ღმერთის ხედებით და მისივე რევმატიზმებით,

რაც შეიძლება, უცებ შენი საწოლიც გახდეს.

გამომეღვიძა და იქვე იყო მდინარე, მახსოვს.

შლამისფერი დაფარული ღმერთის ძვლები

და მყესები კი დაჰყმუოდნენ.

ქვითკირის ჩემი ძველი სახლი

გაუძლებდა მგლის შემოტევებს.

უსაფრთხო იყო, მაგრამ მაინც ვერ დამიცვა ვერაფრისაგან.

ადრე სხვაგან ვიყავი, ხოლო ახლა აქა ვარ,

მდინარესთან, ღამღამობით რომ ჩამჩურჩულებს

მღვიმეებს, ლოქოებს და შიგ ჩამხვრჩალებს.

- მგლებს კი ეს სულ არ ედარდებათ.

 

ესპანურიდან თარგმნეს ირაკლი მენთეშაშვილმა და ნინი ელიაშვილმა