„ბოჰემა მხოლოდ ტფილისში შეიძლება იყოს. საქართველოს ფარგლებში ტფილისი ერთადერთი ქალაქია, სადაც ბოჰემას დათმობილი აქვს შესაფერისი არე“, - წერდა იოსებ გრიშაშვილი - ძველი თბილისის უკანასკნელი აშუღი გასული საუკუნის 20-იან წლებში. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ყველა მსახიობს, მუსიკოსს, მხატვარსა თუ პოეტს მუზები სწორედ თბილისისკენ მიერეკებოდნენ - ქალაქში, სადაც არაფერი ხდებოდა არაპოეტურად: სიოს მოჰქონდა დუდუკის საარი, მღვრიე მტკვრის ტალღების დუდუნი სიბრძნითა და სიყვარულით ავსებდა მდინარის პირას ჩასულ პოეტებს, ხოლო მთაწმინდის მთვარე „შუქთა მკრთალი მძივით“ უნათებდა მგოსნებს სიკვდილისკენ მიმავალ ვარდისფერ გზას.
ტფილისის ამგვარი მაგნეტიზმი იზიდავდა მუზათა მსახურებს არა მარტო საქართველოს კუთხეებიდან, არამედ მთელი კავკასიიდან, რუსეთის იმპერიიდან, აზიიდან, ევროპიდან და ამერიკის კონტინენტიდანაც კი. თბილისს ხშირად ადარებენ იანუსს (Ianus), რადგან ამ ქალაქსაც, როგორც ბევრი მოგზაური შენიშნავს, რომაული ღვთაების მსგავსად ორი სახე აქვს: აზიური და ევროპული.პირველს განაპირობებს აზიური ურბანული ქსოვილი (მეიდანი, აბანოთუბანი) თავისი ჭრელი და ხმაურიანი ბაზრებით, გოგირდის აბანოებით, კლდეებზე დაკიდული აივნებით, ტერასებად ახორხლილი ბანიანი სახლებითა და ჯუმა მეჩეთის მინარეთით, მეორეს კი ქმნნის ევროპულად დახაზულ-დაგეგმილი სოლოლაკი და რუსთაველის (ყოფილი გოლოვინის) გამზირი ბაროკოს, კლასიციზმისა და ფსევდომავრული ორიენტალიზმის ელემენტებისა და ფორმის შენობებით.
ქვევით, მტკვრის პირას, ქალაქის აზიურ ნაწილში საზანდარი (თარი, ქამანჩა, დოლი) არხევდა ჰაერს, ზევით, ევროპულში კი - იტალიური ოპერის ჰანგები, ასე რომ, სულ ტყუილად ნაღვლობდა რედიარდ კიპლინგი, როცა წერდა „Oh, East is East and West is West, and never the twain shall meet”-ო. აქ, ძველი ტფილისის რამდენიმე ათას
კვადრატულ მეტრში ერთმანეთს შეხვდა აღმოსავლეთი და დასავლეთი და სწორედ ამ სასწაულმა გახადა მიმზიდველი ქალაქი, რომელშიც ევროპელები აზიას აღმოაჩენენ, აზიელები კი - ევროპას, თავად ქართული კულტურა კი, როგორც ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრის“ პერსონაჟი, შუაზე იხლიჩება ამ ორი დედის - აზიისა და ევროპის გავლენითა თუ ძალისხმევით. თუმცა აზიურისა და ევროპულის გარდა, არის სხვა თბილისიც - ადგილობრივი და უცხოელი მწერლებისა და მოგზაურების სამელნეებიდან ამოსული, მხოლოდ ქაღალდზე შემორჩენილი თბილისი, რომელშიაც ქალაქის მთავარ მდინარეს, მტკვარს, ორივე მხრიდან, საავტომობილო გზების ნაცვლად, კვლავ მიუყვება მდინარიდან ამოზრდილი ქარვასლების მწკრივი და აივნიანი სახლები, ხოლო წყლის მოსარკული ზედაპირი კვლავ ირეკლავს გასული საუკუნის 50-იან წლებში დანგრეული შაჰ ისმაილის მეჩეთის ნამგალამთვარიან გუმბათს; მტკვარში კვლავ დგაფუნებენ ბორბლები მოცურავე წისქვილებისა და ორთაყვირები „ტფილისის კრეისერების“ ანუ ფრონეს ხეობიდან დაშვებული ტივებისა.
სამელნიდან ამოსულ თბილისში მტკვარი წმინდა მდინარე - „ქართველთა იორდანეა“ (ალექსანდრე დიუმა, „კავკასია“), ახლა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ამ მდინარეში ინათლებოდა ხალხი და ეს მდინარე არწყულებდა მთელ ქალაქს. სამელნიდან ამოსულ თბილისს გარშემო აკრავს არა უბრალოდ მთათა გრეხილი, არამედ ზურგგაცვეთილი აქლემები: მთაწმინდა, შავნაბადა, თელეთი, თაბორი, კოჯორი, მახათა და ლოტკინის გორა... - ერთი სიტყვით, მტკვრის კალაპოტს რომ შეავსებდა, იმდენი მელანია დახარჯული ძველი ტფილისისა და მისი ყოფის აღწერაზე ალ ჰაუკალის, ევლია ჩელების, ჟან შარდენის, ალექსანდრე დიუმას, ბარონ დე ბაის, არტურ ლაისტის, ალექსანდ პუშკინის, ლევ ტოლსტოის, ილია ერენბურგის, კნუტ ჰამსუნის, ჯონ სტეინბეკისა და სხვათა მიერ, რომ არაფერი ვთქვათ ადგილობრივ მწერლებსა და მკვლევარებზე: ვახუშტი ბაგრატიონზე, იოანე ბატონიშვილზე, პლატონ იოსელიანზე, გრიგოლ ორბელიანზე, ვასილ ბარნოვზე, კარაპეტ გრიგორიანცზე, იოსებ გრიშაშვილზე, ვახტანგ ბერიძეზე, არჩილ სულაკაურზე, შოთა ჩანტლაძეზე, აკა მორჩილაძეზე, ზურაბ ქარუმიძეზე, მალხაზ ხარბედიაზე, ზაალ სამადაშვილზე, დათო ტურაშვილზე, ლაშა იმედაშვილსა და ბევრ სხვაზე, რომელთა მიერ აღწერილი თბილისიდან აჩრდილიღაა დარჩენილი. თბილისი იყო ქალაქი, რომელშიც უჩინმაჩინის ქუდის გარეშეც იოლად გაქრებოდი ღრმა სარდაფებში მოწყობილ დუქნებში, მადათოვის ლეგენდარულ კუნძულსა თუ ორთაჭალის ბაღებში. იოლად შეერეოდი ქალაქის სიჭრელესა და ხმაურს და ასევე იოლად გაექცეოდი ჯალათის მძიმე ხელსა და დაემალებოდი ცენზორის მახვილ მზერას. აქ იყო მეტი თავისუფლება, მეტი სილაღე, მეტი ანონიმურობა, მეტი მზე და მეტი საკვები როგორც სულისთვის, ასევე ხორცისთვის. სწორედ თბილისმა, ამ „ფანტასტიკურმა ქალაქმა“ საუკუნის წინ (1917-1921 წწ.) შეიფარა რუსეთის ლამის ყველა სიმბოლისტი, აკმეისტი და ფუტურისტი, რომლებიც შიმშილს, ბოლშევიკების ტერორსა და სამოქალაქო ომის ჯოჯოხეთს გამოექცნენ და, რომელთა შემოქმედებას ახალი სიცოცხლე და ენერგია შთაბერა, თუმცა ერთია, რომ თბილსში შეიძლება გაქრე, მდევრისთვის უჩინარი გახდე, მაგრამ მეორეა ის, რომ თბილისი არასოდეს დაგავიწყებს თავს. დიდმა ნორვეგიელმა მწერალმა კნუტ ჰამსუნმა საქართველში მოგზაურობის შემდეგ 1903 წელს გამოაქვეყნა შთაბეჭდილებების წიგნი „ჯადოსნურ ქვეყანაში“. აი, რას წერდა მომავალი ნობელიანტი მწერალი: „დავლიე წყალი მდინარე მტკვრიდან, მაგრამ ეს იყო წმინდა წყლის სიგიჟე, რადგანაც, ცნობილია, რომ ვინც ერთხელ მაინც მოიკლა წყურვილი მტკვრის წყლით, მას სამუდამოდ დატანჯავს კავკასიის მონატრება და ის მუდამ ეცდება უკან დაბრუნებას“. მტკვრის წყალს დღევანდელ თბილისში არავის დააძალებენ. როგორც ერთმა ქართველმა პოეტმა თქვა, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მტკვრის მღვრიე ტალღებს ისე სვამდნენ, როგორც კახურ ღვინოსო. ცხადია, წითელ ღვინოს - ქართველი მწერლების სულის მელანს უფრო მეტი მაგია აქვს, ვიდრე წყალს: ვინც დალევს, ის აუცილებლად დაბრუნდება თბილისში, ფიზიკურად თუ არა, ტექსტებით მაინც, რაც დაბრუნებაზე მეტია და ჩვენ ქალაქში სამუდამოდ დარჩენას, თბილისელობას უტოლდება.
დათო ქარდავა