უკრაინელი პოეტი, მწერალი და ესეისტი. დაიბადა 1960 წელს ივანოვო-ფრანკოვსკში. სწავლობდა ლვოვში. 1985 წელს დააარსა პოეტური ჯგუფი „ბუ-ბუ-ბუ“, რამდენიმე წლის შემდეგ კი - უკრაინაში პირველი პოსტმოდერნული ჟურნალი „ოთხშაბათი“.
იური ანდრუხოვიჩი ხუთი რომანის, ოთხი პოეტური და ესეების რამდენი კრებულის ავტორია. თარგმნის პოეზიასა და პროზას ინგლისური, გერმანული, პოლონური და რუსული ენებიდან. თანამშრომლობს უკრაინულ ლიტერატურულ პრესასთან. მას მრავალი უკრაინული და საერთაშორისო ლიტერატურული პრემია აქვს აღებული, მათ შორის, ჰარდერის პრიზი, ერიჰ მარია რემარკის მშვიდობის პრემია, ლაიფციგის წიგნის ბაზრობის პრემია, ანგელუსის პრიზი და ჰანა არენდტის პრემია.
...ეს ოდნავ მოჰგავს სასტუმროს ნომრებს -
გამოსახლება თორმეტის წინ,
ჰოდა, ჩვენ ვხურავთ კარებს,
ჩავრბივართ ქვევით
და გასაღებს ვაბარებთ მორიგეს.
მაგრამ რა სჭირთ ნომრებს?
რა მოსდით მათ უჩვენოდ? რა ემართება
იმ ყველა აბურდულ ზეწარს, მთელ ამ დომხალს, თავისი ხელსახოცებით,
ბალიშებით და ფერფლიანი საფერფლეებით?
ნუთუ მათაც სარკმლიდან მონაქროლი
ნიავი მიიხვეტავს?
ნუთუ იქაც აბაზანაში
ასევე წვეთავს წყალი ონკანიდან? ნუთუ
დაორთქლილი სარკე ბოლოს და ბოლოს არ შრება?
რა მოჩანს მასში?
(როგორც კლასიკოსი იტყოდა:
ო, მე ბევრს გადავიხდიდი
იმის დანახვაში,
თუ რა ემართება ნომერს,
რომელიც დავტოვე!)
გასაგებია ისიც, რომ მოგვიანებით გამოჩნდება დამლაგებელი,
რათა გადაწმინდოს ჩვენ მიერ დატოვებული
უმნიშვნელო კვალიც კი, თითქოს აქ არც გვიცხოვრია.
და მას ეს გამოუვა.
გასაგებია ისიც, რომ მოგვიანებით
აქ გამოჩნდებიან სხვა, სხვაინაირი
მაცხოვრებლები.
მაგრამ რა ხდება შუალედ დროში?
ჩვენ წასვლასა და დამლაგებლის
გამოჩენას შორის?
სასტუმროს ნომერში,
სადაც ასე გვერდიგვერდ ვიწექით ორნი,
ასე გვერდიგვერდ ვსუნთქავდით?
უკრაინულიდან თარგმნა რაულ ჩილაჩავამ