პოეტი, პროზაიკოსი.
ლუსი ტაპაჰონსო ნიუ მეხიკოს უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურისა და ენის პროფესორია. პირველი მოთხრობა, „ადამიანი - გველი“ 1978 წელს გამოაქვეყნა, დღეს ლუსი ტაპაჰონსო ექვსი პოეტური კრებულის ავტორია. წერს ბავშვებისთვისაც - გამოცემული აქვს სამი საბავშვო წიგნი. ტაპაჰონსოს პოეზიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისი მშობლიური ენის, ნავაჰოსთვის დამახასიათებელი რიტმიკა და სინტაქსი.
ტაპაჰონსოს ნაწარმოებები იბეჭდება და სხვადასხვა სახით გამოიცემა როგორც აშშ-ში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. მათ შორისაა „რაინო რეკორდსის“ კომპაქტ-დისკები „საკუთარი ხმით: ამერიკული პოეზიის საუკუნე“ და „პოეზია ჩანაწერებში: 98 ამერიკელი პოეტი კითხულობს საკუთარ ლექსებს“.
2006 წელს ტაპაჰონსოს ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის მწერალთა გაერთიანებამ გადასცა „ჯილდო განსაკუთრებული დამსახურებისათვის“; კანზასის უნივერსიტეტში მკვიდრ ამერიკელთა შემსწავლელი პროგრამის დანერგვისათვის კი მას „არწივის ლიდერობის პრემია“ გადაეცა. 1999 წელს ტაპაჰონსო მკვიდრი მოსახლეობის მწერალთა გაერთიანების მიერ დასახელდა წლის საუკეთესო „მთხრობელად“; მას ასევე მიღებული აქვს კანზასის გუბერნატორის სახელოვნებო პრემია და ქალთა ნაციონალური ასოციაციის პრემია „გამორჩეული ქალი“. ლუსი ტაპაჰონსოს მონაწილეობას თბილისის ლიტერატურულ ფესტივალში მხარს უჭერს აშშ-ს საელჩო საქართველოში.
ნაშუადღევი იოოტოში
(ფრაგმენტი ლექსიდან)
სანტა ფეში თბილი და ნათელი ნაშუადღევი დგას.
შეშლილებივით ცქმუტავენ ძაღლები,
ყალყზე დგებიან, გარეთ გასვლა სურთ.
აბა, დაწყნარდით, ბიჭებო-მეთქი, ვეუბნები.
დღეს ქურთუკების ჩაცმა აღარ მოუწევთ.
ერთხელ მითხრა ჩემმა ქმარმა,
ასე ჩაცმულებს რცხვენიათო.
მე ვუპასუხე: „სად გინახავს, ძაღლს რცხვენოდეს“.
მან გამიღიმა.
ორიოდ თვის წინ, სხვა თბილ ნაშუადღევს,
დედაჩემი შეშის ღუმელთან იჯდა ძველებურ რბილ ტახტზე.
ღუმელი სახლის შუაგულში დგას, სადაც გრილა
და სინათლეც ვეღარ აღწევს.
სამზარეულო დავალაგე და მივუჯექი.
„უჰ“, ვუთხარი და მივეხუტე. რაც ნიშნავდა,
„მომიყევი შენი ამბები,“
ან, „მითხარი, რა ხდება შენს თავს.“
„ტაა აკოდი, სულ ეგაა,“ მითხრა დედამ
და ორივეს სიცილი წაგვსკდა.
ზურგსუკან ბალიში გავუსწორე.
ხელი ხელში შევუცურე და მივეხუტე.
თბილი და თხელი ხელები აქვს.
თლილი, ლამაზი თითები - მე კი არა მგავს.
მეფერებოდა და ასე ვდუმდით.
ინგლისურიდან თარგმნა დავით გაბუნიამ