არტისტი, პროზაიკოსი.
ვიზუალურმა არტისტმა, ანთეა ნიკოლსონმა მხატვრული პროზის წერა გვიან დაიწყო. 2005 წელს მოიპოვა შემოქმედებითი წერის მაგისტრის დიპლომი ბეთ სპა უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი), შემდეგ კი ერთი წლის მანძილზე დარტმურის ცხვრის ფერმაში იყო მივლინებული, როგორც რეზიდენტი მწერალი. ანთეა ნიკოლსონი თბილისის სიახლოვეს, თავის ქართველ პარტნიორთან ერთად სახლს აშენებს და ველურ ბუნებაზე ზრუნავს. ნიკოლსონი ცხოვრობს ბრისტოლში (ინგლისი) და ამ ორ ადგილს შორის მუდმივად მოძრაობს. „მცურავი ღრუბლების ალამი“, რომელიც გამომცემლობა „გრანტა ბუქსმა“ 2013 წელს გამოსცა, ანთეა ნიკოლსონის სადებიუტო რომანია. ამჟამად მწერალი მეორე რომანზე მუშაობს.
ანთეა ნიკოლსონის მონაწილეობას თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში მხარს უჭერს ბრიტანეთის საბჭო საქართველოში.
მცურავი ღრუბლების ალამი
(ფრაგმენტი რომანიდან)
ლტოლვილ ქალს ფარდულში შეჰყვა. ახლა ქალაქი სავსე
იყო ლტოლვილებით და ვინც, ამათ მსგავსად,
თავშესაფარი იპოვა, კიდევ რა უჭირდათ. ეს დაფხავებული
ფარდული სახლივით მოეწყოთ. იატაკზე თივით
გამოტენილი ლეიბები ეგო, ყანყალა მაგიდაც იდგა,
სამფეხა ჯორკოები, თუნუქის ღუმელი, რომელზედაც
საჭმელს ამზადებდნენ, მცირედი ტანსაცმელი, რაც
ჰქონდათ, ლურსმნებზე ეკიდა, წმინდა გიორგის ქაღალდის
ხატი კი ხის შვერილზე, მაღლა. მაგიდასთან მჯდომ ორ
კაცს მიესალმა და მათაც წყლისთვის მადლობა
გადაუხადეს. როცა ქალმა მოიპატიჟა, ჩვენთან დაჯექი და
ჭამეო, უარი ვერ უთხრა. ქალმა წყალი გასათბობად
შემოდგა ღუმელზე და ლობიო და ცოტა ხმელი პური
გამოიტანა. კაცები წამოდგნენ, ქალი კი ხვნეშა-ხვნეშით
დაჯდა და ფეხის ზელა დაიწყო. მან პურს ყუა მოატეხა და
ლობიოს ჭამას შეუდგა, ქალი თვალს არ აცილებდა. როცა
ჭამას მორჩა, მადლობა გადაუხადა და წასასვლელად
გაემზადა, მაგრამ ქალმა სთხოვა, არა, ნუ წახვალ,
დარჩიო. მისკენ გადმოიხარა, გულზე მუშტი დაირტყა და
უთხრა, მე მასწავლებელი ვიყავიო. ყველაფერი კარგად
იყო, ლამაზი სახლი მქონდაო. აი, ამას შეხედე, ჩემს
ქმარს, უქნარა ლოთს, არც ისე დიდი ხნის წინ ცნობილი
იყოო. მერე კაცს მიუტრიალდა, თავის ქმარს, რომელიც
სულელურად იკრიჭებოდა და თავს უქნევდა. ძმაკაცებმა
ზურგზე ხელი დაჰკრეს და ახმაურდნენ, როგორ არა,
ცნობილი იყო არც ისე დიდი ხნის წინო. არ გინდა,
სტუმარს აჩვენო? მიდი, კაცო, ადექი და აბა, შენ იციო.
კაცი ჯერ დაიბნა, მერე წამოდგა, შეისუნთქა და ამღერდა.
ქალმა სახეზე ხელები აიფარა, წარბი შეეკრა. კაცის
მაღალი და ნაზი ხმა უმღეროდა პატარა ინდუსტრიულ
ქალაქს, რომელსაც დასტოვებდა და კიდევ დიდხანს ვერ
ნახავდა თავის საყვარელ, საკუთარი ხელით გაშენებულ
ვენახს.
ინგლისურიდან თარგმნა დავით გაბუნიამ