გიუნელ მოვლუდი (აზერბაიჯანი)

გიუნელ მოვლუდი გიუნელ იმანოვას სამწერლო ფსევდონიმია. პოეტი აზერბაიჯანის ყარაბახის რეგიონში დაიბადა. გიუნელი 12 წლის ასაკში ყარაბახის კონფლიქტის გამო იძულებული გახდა ოჯახთან ერთად დაეტოვებინა მშობლიური მხარე. სწავლობდა თეატრალურ ხელოვნებას ბაქოს უნივერსიტეტში. მისი პირველი პოეტური კრებული „წყვდიადი და ჩვენ ორი“ 2004 წელს გამოიცა. ბოლო პერიოდში გამოსცა წიგნები: - „5 XL ეს სხეულის ზომაა“ ,და „პასუხად ნაშუადღევს“.

გიუნელ მოვლუდი ცნობილია ასევე როგორც მთარგმნელი. ნათარგმნი აქვს ვიქტორ პელევინის “ამონ რა”, გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელი“, სტენდალის „წითელი და შავი“ და ბევრი სხვა. წერს სტატიებს სოციალურ თემებზე.

გიუნელი შეუერთდა მოძრაობას, რომლის მიზანია აზერბაიჯანში ანტისომხური პროპაგანდის დასრულება. ამის გამო იგი აზერბაიჯანელი რელიგიური და სახელმწიფო ავტორიტეტების გაძლიერებული ყურადღების ცენტრში მოხვდა. ამჯამად ის ორ ქვეყანაში, საქართველოსა და გერმანიაში ქმართან და ბავშვთან ერთად ცხოვრობს. არის რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანული ბიუროს ჟურნალისტი.

 

გველი ჩემს ბალიშში

გამარჯობა, მენატრები პოეტო და

სიმარტოვემ კვლავ გამიცნო ისევ ისე,

ისევ ისე შემოდგომა, სიცივე და

ისევ ისე ღუმელთან ვარ ჩემს ადგილზე.

კიდევ ბევრი სიმართლე მაქვს გასამხელი

და ტყუილიც გაგიმხილო ბევრი უნდა,

მთელი წელი ვერ ვიძინებ, მეშინია,

ჩემს ბალიშში მგონი, გველმა დაიბუდა.

ჭაღარები შევამჩნიე თმაში, დაე,

გამიმრავლდეს, არ მოვწყვიტე, შევინახე.

თმაც დაბერდეს, ოცდაათი წელიწადი

ახალგაზრდა რომ ვიყავი, ან რა ვნახე?

მოდი ერთ დღეს დავსხდეთ, ჭიქა მომაშველე,

რა მოსწყდება კიდევ თვალებს ცრემლებიანს?

ჩემში კვდება ყველა წმინდა ანგელოზი

და ლამაზი ქალებიც კი ბერდებიან!

თარგმნა ვასილ გულეურმა