მწერალი, დრამატურგი, რეჟისორი. დაიბადა 1983 წელს, თბილისში, ამჟამად ცხოვრობს ჰამბურგში (გერმანია) და მუშაობს გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის თეატრებში. კრიტიკოსები მას ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ დრამატურგად და რეჟისორად მიიჩნევენ.
ნინო ხარატიშვილი 10 წელზე მეტია აქვეყნებს პიესებსა და რომანებს გერმანულად. ავტორია რომანებისა “ჟუჟა” (2010 წ), „ჩემი საყვარელი ორეული“ (2014 წ). 2014 წელს გამოვიდა მისი ახალი რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ევროპის ქვეყნებში. ნინო ხარატიშვილი არაერთი ლიტერატურული და თეატრალური პრემიის მფლობელია, მათ შორისაა გერმანიის დამოუკიდებელ გამომცემელთა პრემია, ადალბერტ ფონ შამისოს სახელობის პრემია, ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის მთავარი საავტორო პრიზი და ბევრი სხვა. მისი პიესები წარმატებით იდგმება გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, რუსეთისა და საქართველოს თეატრების სცენებზე.
ჩემი საყვარელი ორეული
(ნაწყვეტი)
როგორი ფერმკრთალი ხარ, როგორი მშვიდი. ვუყურებ შენს სახეს და ვხვდები, რომ ზუსტად იმავეს ვგრძნობ, რასაც ადრე ვგრძნობდი. - თან ვგრძნობ და თან მიკვირს, რომ ჩემთვის სხვა არაფერი არსებობს ამ სიახლოვის გარდა. ახლაც კი...
ვერც ვერავინ გამიგებს. უბრალოდ შეუძლებელია, რომ ეს გრძნობა ასეთი ცოცხალი იყოს. იმ ყველაფრის მერე, რაც მოხდა და იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს კიდევ მომავალი, ჩემი მომავალი. მაგრამ ასეა და რა ვქნა. ვეგუები ნელ-ნელა. როგორც ჩანს, ეს ლტოლვა ყველაფერს გაუძლებს.
პირველად ვარ აქ მარტო. სულ მარტო: სულით ხორცამდე ეული და მაინც, ახლაც კი შენს სახეს ვხედავ და ისიც აქ არის. ეს გრძნობაა. ჩემი და შენი გრძნობა. შიში ვერაფერს დააკლებს. ეს უსაზღვრო, სათუთი ლტოლვა აღარასდროს გაქრება.
გერმანულიდან თარგმნა ნინო ბურდულმა