სერგეი ჟადანი (უკრაინა)

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი.

სერგეი ჟადანი 12 პოეტური კრებულისა და 8 პროზაული კრებულის ავტორია. 2008 წლის მარტში ჟადანის რომანი „Anarchy un the UKR” („ანარქია უკრაინაში“) რუსული ლიტერატურული პრემიის „ეროვნული ბესტსელერის“ ე.წ. „შორთ ლისტში“ მოხვდა და მოსკოვის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე „წლის წიგნის“ კონკურსის საპატიო სიგელი დაიმსახურა. მას კრიტიკოსები ყოფილი საბჭოეთის ახალგაზრდა ავტორებიდან ნობელის პრემიის ყველაზე რეალურ კანდიდატად ასახელებენ. 

სერგეი ჟადანი თარგმნის პაულ ცელანის, ჩარლზ ბუკოვსკის, ანდრეი ხადანოვიჩის, კირილ მედვედევის, დანილა დავიდოვის ლექსებს. მისი ტექსტები თარგმნილია გერმანულ, ინგლისურ, პოლონურ, სერბულ, ხორვატულ, ქართულ, ლიტვურ, ბელორუსულ, რუსულ, სომხურ ენებზე. სერგეი ჟადანი ცხოვრობს და მოღვაწეობს ხარკოვში. რეგულარულად წარადგენს საკუთარ ნაწარმოებებს უკრაინისა და დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში, ხშირად უკრაინელი მუსიკოსების თანხლებით.

 

 

ძებნა

 

დიდხანს ვეძებდი. ტელეფონის ნომერი შეცვალა,

სხვა ქალაქში გადასახლდა, გაუჩინარდა

სოციალური ქსელებიდან. საერთო ნაცნობებს

არაფერი გაეგონათ. არც ტაძარში იცოდნენ რამე.

ბოლოს თვითონვე მოიწერა:

როგორ იმგზავრა, როგორ უჭირს შეგუება, როგორ მოეწყო.

და მწერდა ძმაზეც, მის სიკვდილზე. იმიტომაც მომწერა ალბათ,

რომ მოეთხრო მის სიკვდილზე. სავარაუდოდ,

მე არ ვიყავი ერთადერთი ადრესატი. როგორც მინიმუმ -

მე პირველი არ ვიყავი. ზედმეტად მშვიდად

აღწერდა, როგორ მოიმწყვდიეს ყველანი ერთად

და ესროდნენ, ვიდრე მჭიდებს ჩააცლიდნენ. შემდეგ ჩვენებიც

მობრუნებულან, რომ გვამები გაეტანათ, ან ის, რაც დარჩა

გვამებისაგან, და ფეხებზე უწვალიათ: თითოეულ ცხედარს

უნდა ჰქონოდა ორი ფეხი. დიდხანს აწყობდნენ -

რათა რგებოდა ყველა ცხედარს მეტ-ნაკლებად მსგავსი სიგრძის

ორ-ორი ფეხი.

ძმას მუსიკა ყვარებია. დარჩენია კარგი გიტარა.

მას მუდამ ვიღაც ნათხოვრობდა.

“რა უნდა ვუყო?” – მეკითხება. –

“გადმოვიღე, დაკვრა ვცადე, მაგრამ არ ვარ შეჩვეული, თითი

გამეჭრა.

როგორ მეტკინა, რომ იცოდე. აღარც ხორცდება”.

 

უკრაინულიდან თარგმნა ზვიად რატიანმა