რუსი მწერალი, პოეტი და ჟურნალისტი. ბორის პასტერნაკის, ბულატ ოკუჯავას, მაქსიმ გორკისა და ვლადიმირ მაიაკოვსკის ბიოგრაფი. გამოცემული აქვს არაერთი რომანი, პუბლიცისტური და პოეტური კრებულები. ბორის პასტერნაკის ბიოგრაფიამ, რომელიც 2005 წელს გამოიცა, ბიკოვს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ამავე წიგნში აიღო რუსეთის ორი მთავარი ლიტერატურული პრემია - 2006 წლის ნაციონალური ბესტსელერი და „დიდი წიგნი“. ამას გარდა, ბიკოვს მიღებული აქვს სტრუგაცკების საერთაშორისო პრემია (სამჯერ, 2004, 2007, 2013 წლებში). დიმიტრი ბიკოვი 1985 წლიდან ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას. თანამშრომლობდა გაზეთ „სობესედნიკთან“, ჟურნალ „ოგონიოკთან“, რადიო „ეხო მოსკვისთან“, ტელეკომპანია „მეხუთე არხთან“ და „დოჟდთან“. მუშაობს ლიტერატურულ პრესაშიც, არის ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალის, „რა ვიკითხოთ“ მთავარი რედაქტორი. მიხაილ ეფრემოვთან ერთად დიმიტრი ბიკოვი ახორციელებს ტელეპროექტს „მოქალაქე პოეტი“, რომელიც მწვავე პოლიტიკური სარკაზმის ნიმუშია. ბიკოვი დიდი რუსი პოეტების ცნობილი ლექსების მიხედვით პოლიტიკურ სატირას ქმნის. ბიკოვი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას მოსკოვის რამდენიმე უნივერსიტეტში. რეგულარულად კითხულობს საჯარო ლექციების ლიტერატურაზე.
დღით ფიქრი ღვთის დიდებულებაზე
ციცაბო გორაზე ყურძენი იზრდება, მტევნებით დამძიმდა ყუნწები.
სექტემბრის წიაღში ზღვისპირა ქალაქის თავზეა მოსული ყურძენი.
ტკბილ-მჟავე გემოთი ენა-პირს აცივებს მარწყვისა და თაფლის ნაზავი.
და თვალი იჭრება ლივლივით ოქროსფრით, ოქროსი უღვივის ხანძარი.
ციცაბო გორაზე ყურძენი იზრდება. ღრანტობზე ზედ გამოიჩხირა
და მძიმით-ულვაშით ზღმარტლის შმაგ სინტაქსში ჩაწნულა მყარად და ხშირ-ხშირად,
ეხვევა ბუჩქების ღვარძლნარევ ლაპარაკს, ღვლარჭნილი ენა აქვს, უცვლელი.
დარღვეულ თიხნარზე მკვიდრად და ურყევად ყურძენი იზრდება, ყურძენი.
დამშხალულ ფერდობებს სახლების დაბერტყვის ვნება აქვთ, ქვევითკენ ჩაზიდვის,
ციცაბო გორის ქვეშ პატარა გემი კი გურზუფში მიცურავს თავისთვის,
მეორე მხრიდან კი სხვა მოიზლაზნება, მუსიკას გამოსცემს შესაფერს.
მათ უკან მხოლოდღა გაშლილი სივრცეა, ყველას რომ ჰპირდება ყველაფერს.
ჭარბია სილურჯე და სიცხეც ჭარბია, ვაზების ბღაუჭიც ჭარბია.
რომ არა სიჭარბე, ხარების შეძლება ექნება აქ მხოლოდ შამბიანს,
მთის გადაშიშვლებულ, ამომწვარ ფლატეზე, რომელიც თავდაღმა მოძვრება:
სხვებს დღე და მოსწრება სულ რაღაც არ ჰყოფნით, მე კიდევ სიჭარბის მომსწრე ვარ.
მკვრივია ამ მწიფე მარცვლების ხორცი და მძლავრი ეს სიცოცხლე ბღაუჭა.
ასეთი მჩქეფარე რას ჩასჭიდებია უთვალავ უჩინარ კაუჭად!
მესერთა სარების ნარნარი შემოვლით, დაღლილი მზერისთვის მისწრებად
სკლეროტულ თიხაზე, ქვებზე და სისხლზე და რაც არის - ყურძენი იზრდება!
შენს ბადაგს ვყლაპავდი, შხამს შევისუნთქავდი, მწყალობდი, უხვი და სულგრძელი,
სიმწკლარტით შეკრულ პირს რამდენჯერ მიხსნიდა თავისი სიგრილით ყურძენი,
პარიზშიც ვყოფილვარ, ყირიმშიც ვცხოვრობდი, გიცალე ნადიმზე ბოთლები -
და რაღაც გაგებით კი უნდა მიგიხვდე, თუ ბოლოს მთლიანად მოვკვდები.
რუსულიდან თარგმნა ნიკა ჯორჯანელმა