ესთერ ნაომი პერკვინი (ნიდერლანდები)

ნიდერლანდელი პოეტი. დაიბადა 1980 წელს უტრეხტში, იზრდებოდა ზირიკზეიში, ბოლო 15 წელი კი ცხოვრობს როტერდამში. 2006 წელს დაამთავრა ამსტერდამის ლიტერატურული სასწავლებელი. სტუდენტობის დროს თავის გატანის მიზნით მუშაობდა ციხის ზედამხედველად. მისი სადებიუტო კრებული“ხელსახოცები შუა ანძაზე” 2007 წელს დაიბეჭდა. გამოიცა ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე, კრებულის ერთ-ერთი ლექსი კი ევროპის კავშირის ოცდასამივე ენაზე ითარგმნა. ამას მოჰყვა 2009 წლის კრებული“სხვისი სახელით”. პერკვინი ასევე წერს საავტორო სვეტებსა და ლექსებს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებისთვის, პარასკეობით კი მიჰყავს რადიოშოუ“აღარასოდეს დავიძინოთ”. 2008-2013 წლებში იყო ლიტერატურული ჟურნალის რედაქტორი, ხოლო 2011-2012 წლებში ატარებდა როტერდამის “ქალაქის პოეტის” ტიტულს. მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრიზი. მისი უკანასკნელი კრებული “საკნების ინსპექცია” 2012 წელს გამოიცა და წლის საუკეთესო კრებულის პრიზი მოიპოვა.

 

სამართლებრივი ქმედებანი 1 & 2
 
1
როგორც კი ღამე დაიწყება, გამოაღვიძე,
და გამოჰკითხე, თუ რა ესიზმრათ.
არაფერი დაგვესიზმრა, იმიტომ რომ გაგვაღვიძეო -
თუ თქვეს, მაშინვე: ალიყური.
ტირილს თუკი დაიწყებენ, თმაზე ეფერე,
სანამ დედა არ გაახსენდებათ. მერე უთხარი,
რომ დედები უკვე აღარ მოაკითხავენ.
თუ სახეს მკლავში ჩამალავენ, იჯექი ჩუმად
და მოთმინებით. და როგორც კი ჩაეძინებათ,
გამოაღვიძე და გამოჰკითხე, თუ რა ესიზმრათ.
თუკი სიზმარს მოგიყვებიან, მოუსმინე და განუმარტე,
რომ არ ხდება ასეთი რამ. გადადი შემდეგ დღის წესრიგზე.
მერე დაიწყე ყველაფერი თავიდან ისევ.
2
სასეირნო მოედანზე გამოიყვანე და დროდადრო
გასროლის ხმები გააგონე. ივარჯიშე მანამ, სანამ
მათ თავს ზემოთ ზანტ მტრედს ჰაერში
არ მოკლავ და მერე
მტრედი დაამარხინე.
დააწვინე ერთ-ერთი ზურგზე და ლეიბზე
მარკერით კონტური შემოუხაზე, წამოაყენე
და საკუთარ თავს შეახედე.
ჰკითხე, კონტური ვინმეს ხომ არ
აგონებს. ჰკითხე, თუ ვის აგონებს.
 
ჰოლანდიურიდან თარგმნეს დავით ღოლიჯაშვილმა და შოთა იათაშვილმა