სერხიო ბადილია კასტილო (ჩილე)

ჩილელი პოეტი, მწერალი და ჟურნალისტი. დაიბადა 1947 წელს. ჯერ ჟურნალისტიკას სწავლობდა ჩილეში, ხოლო შემდგომ ანთროპოლოგიას სტოკჰოლმის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში მუშაობდა შვედეთში, რადიოს ჟურნალისტად, მიჰყავდა გადაცემა ლიტერატურის შესახებ. ჩილეში დაბრუნების შემდეგ, 1993 წლიდან მუშაობს, როგორც მასწავლებელი და ჟურნალისტი. ბევრს მოგზაურობს ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.
პირველი პოეტური კრებული 1972 წელს გამოსცა, მას შემდეგ მისი წერის მანერა მნიშვნელოვნად შეიცვალა, დღეს სერხიო ბადილას ფინური და შვედური გავლენის მქონე ჩილეელ პოეტს უწოდებენ. გამოცემული აქვს მოკლე მოთხრობებიც. თარგმნის პოეზიას შვედური, ფინური, ფრანგული, ინგლისური და ლათინური ენებიდან.
 
 
სანკტ-პეტერბურგი
 
ძველი ლენინგრადის რომელიღაც ქუჩის კუთხეში იოსიფ ბროდსკი დავინახე
იდგა და გაჰყურებდა გაყინულ ნევას მელანქოლიური თვალებით
ასე ჩამოძონძილს თითქოს დაბრუნება სურდა თავის შორეულ საზღვრებში
ამ მკაცრი ზამთრის გაცრეცილი მზის ქვეშ.
გვერდით ახალგაზრდებმა ჩაუარეს ბოლო ხმაზე აწეული მაგნიტოფონით
ფეხქვეშ ჭრაჭუნობს კანალიზაციის ჭის ხუფი
ყინვით გამომშრალი თოვლის თხელ საფარქვეშ.
ქარის ტალღა ღუნავს გემის ანძებს
ასე უიმედოდ მოტორტმანეს ყინულის სქელ ნატეხებში. კუნძულებს შორის.
გაყინულა აღმოსავლეთ ბალტიის სრუტეები
ნისლი ბინდავს და თენთავს გარეთ დარჩენილი უსახლკაროს მეხსიერებას.
რომელიღაც სახლის საკვამურიდან სქელი კვამლი ამოდის
მხოლოდ ცეცხლი თუ მოდრეკს ამ მკაცრი ზამთრის ქედმაღლობას.
ბარში ხმამაღლა იცინიან გოგოები და არყიან ჭიქებს მაღლა სწევენ
წონასწორობადაკარგული ჭაბუკი მეზღვაური მაგიდებს შორის დაბარბაცებს
ტყის ნიმფასავით შიშველს ხედავს ყველა გოგონას.
ამ ღამით მეც მელოდება ერთი ბნელი ოთახი
მექნება გრძელი უძილო ღამე და ვიფიქრებ შენზე
შენს ქერა თმებზე შორს მტრულ მიწაზე
რომელიც ზოგჯერ მიყვარდა კიდეც.
ამ დილით ხელმეორედ დავინახე იოსიფ ბროდსკი
ძველი ლენინგრადის რომელიღაც ქუჩის კუთხეში
მელანქოლიური და მოუვლელი
თითქოს დაბრუნება სურდა თავის შორეულ საზღვრებში.
ამ მკაცრი ზამთრის გაცრეცილი მზის ქვეშ.
 
ესპანურიდან თარგმნა სოსო მეშველიანმა