აზერბაიჯანელი მწერალი და პუბლიცისტი. დაიბადა 1976 წელს აზერბაიჯანში. სწავლობდა ჯერ სამხედრო სასწავლებელში, ხოლო შემდგომ ქაფქაზის უნივერსიტეტში საჯარო ადმინისტრირებას. სწავლა არ დაუსრულებია, ისე მიჰყო ხელი ლიტერატურულ საქმიანობას. არის რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორი. მისი მოთხრობები თარგმნილია რუსულ, ქართულ, უკრაინულ და ყაზახურ ენებზე. რეგულარულად აქვეყნებს ესეებს და საავტორო სვეტებს აზერბაიჯანულ პრესაში. მონაწილეობდა რამდენიმე რეგიონალურ ლიტერატურულ პროექტში. გაიმარჯვა ელმარ ჰუსეინოვის ფონდის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსში.
ნაწყვეტი ესედან
ძალიან რთულია წერო ცოცხალ, ცნობილ ადამიანებზე. შეაქებ და აუცილებლად გეტყვიან: შენი ქება არაფერში სჭირდებაო. წამოგაძახებენ, „ისედაც ვიცნობთ, შენგან მისი ხელახალი წარდგენა რა საჭიროაო.“ გააკრიტიკებ და გეტყვიან, „წადი, შენს საქმეს მიხედე. ვინ ხარ შენ, თავს კრიტიკის უფლებას რომ აძლევო?“ ისინიც კი, ვისაც მართლა სძულს ადამიანი, რომელსაც აკრიტიკებ, შეეცდებიან, უფრო ჭკვიანებად გამოჩნდნენ, არ გაუშვებენ ხელიდან შანსს, როგორმე დაგგესლონ. მიუხედავად ამისა, ამ უცნაურ სიტუაციაშიც კი, გინდება შენი აზრი გამოთქვა ცოცხალ ლეგენდაზე. ერთი ასეთი ადამიანი ორჰან ფამუქია. კარგა ხანია, მინდა მის შესახებ დავწერო. თუმცა, დაწყება რთულია. რა უნდა დაწერო ადამიანზე, რომლის წიგნებიც უამრავ ენაზეა თარგმნილი, რომელიც გამუდმებით ყველაზე ცნობილი გაზეთებისა და ჟურნალების ყდებზეა და ნობელის პრემიის ლაურეატია?