ჰაიკე ფიდლერი

ჰაიკე ფიდლერი დაიბადა 1963 წელს გერმანიაში და 1987 წლიდან ცხოვრობს ჟენევაში. იგი მწერალი, მთარგმნელი და მრავალენოვანი ბგერით-გამომსახველი ხელოვანია, რომელიც ელექტროაკუსტიკური იმპროვიზაციის საშუალებით იკვლევს ენასა და ბგერას შორის არსებულ ზღვარს. მისი შემოქმედება მრავალწახნაგოვანია: პერფორმანსი, ურბანული ხელოვნება, ბგერით-გამომსახველობითი წარმოდგენა, ინსტალაცია... ჰაიკე ფიდლერი არის ერთი რომანის, ლექსების ოთხი კრებულის, ავტობიგრაფიული წიგნის, მოთხრობებისა და ერთი ფლიპ-ბუკის ავტორი. ასევე გამოქვეყნებული აქვს თარგმანები და სხვადასხვა ტიპის წერილები ჟურნალებში და ბლოგებზე. იგი მსოფლიოს ყველა კუთხეში მონაწილეობს როგორც ლიტერატურულ და მუსიკის ფესტივალებში, ასევე ერთობლივ გამოფენებში, უძღვება თანამედროვე კონცეპტუალური და იმპროვიზებული პოეზიის სახელოსნოებს. ჰაიკე ფიდლერი იყო შვეიცარიის პენ-ცენტრის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა გენდერულ საკითხებს და დღემდე არის მსოფლიო პოეტური მოძრაობის წევრი.

 

თანხვედრა

 

პარკის გადაკვეთა.

თანხვედრა.

ჩვენ ხეებს შორის,

პირისპირ მთები.

 

ზამთრის იდეა,

ძროხები

წინ მდელოზე.

 

სიჩქარეს ვუმატებ,

სიტყვები

მაკავებენ.

 

ბოდიში

დაგვიანებისთვის.

 

ნამსხვრევი

 

მოძრავი ჩრდილები

შენ ბურღავ ხვრელებს

დროში რომელიც მდინარეში მიედინება

ათასწლეულის უდარდელობით

 

თითქოს არასდროს არაფერი მომხდარა

 

ეკოლოგია

დამსხვრეული

ადამიანთა ჩარევის რიტმით

ჩვენ რომ ვამხილეთ

 

მოხმარება, ცვეთა, ბეტონი,

და გაჩეხვა შემდეგ ტყეების,

ძალიან ცხადად,

ჩვენს ფეხქვეშ მოცელილი

ბალახი

 

წყალში

ჩაძირვა

ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ