ვიოლეტ გრიგორიანი

ვიოლეტ გრიგორიანი დაიბადა თეირანში. 1975 წელს მისი ოჯახი ისტორიულ სამშობლოში, სომხეთში დაბრუნდა. გრიგორიანმა დაამთავრა ერევნის პედაგოგიური სკოლის ფილოლოგიის ფაკულტეტი. არის ლიტერატურულ ჟურნალ „ინქნაგირის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და რედაქტორი. 2009 წელს მიწვეული იყო აიოვას საერთაშორისო
სამწერლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. გრიგორიანი ხუთი პოეტური და ერთი ესეების კრებულის ავტორია. 1991 წელს ის პოეტური კრებულისათვის „სიმართლეა, სიმართლეს ვამბობ“ სომხეთის მწერალთა გაერთიანების პოეტური პრემიის გამარჯვებული გახდა, 1999 წელს კი გადაეცა „ოქროს ლერწმის პრიზი“ კრებულისათვის „ქალაქი“. ვიოლეტ გრიგორიანის ლექსები შესულია ფრანგულ და ინგლისურ ენებზე გამოცემულ პოეტურ ანთოლოგიებში; მისი ლექსები ნათარგმნია ფრანგულ, ინგლისურ, სლოვაკურ, მაკედონიურ, ქართულ, უკრაინულ ენებზე, ორი პოეტური კრებული კი გამოცემულია ფრანგულად.
 
 
შუაღამე
(ლექსის ფრაგმენტი)
 
ჩამოიარა შავმა წყალმა
- გავატარე,
ჩამოიარა ნაცრისწყალმა,
- გავატარე,
ჩამოიარა შავმა წყალმა,
- გავატარე,
თმა ოქროსწყალსღა შევუშვირე,
პირს ვიბან რძეში,
ტანს - ვარდისწყალში,
ხოლო როდესაც გამჭვირვალე წყალი მოვიდა
- მეც გადავეშვი მდინარეში -
წყალში ქალთევზას ვეთამაშე,
შხეფები ვყარე,
წყალში ვიმღერე
(- მომაშხეფა ბინძური წყალი
ნეტავ რომელმა ნაძირალამ?
ფანჯარასთან მარეტა ყვირის.)
ქარმა წამართვა თავსაფარი,
სანდლები - წყალმა,
თავ-ფეხშიშველი ბალახებზე დავეგდე როცა
ტყის სარძლოებმა მოფერება დამიწყეს,
კოცნით ამილოკეს ჭიპი და მკერდზე
ნაზად მომეკრნენ,
თეძოებითაც ჩამეხლართნენ,
სველი ენით მომიღიტინეს -
გადამქანცეს და გადამღალეს,
მივეჭყლიტე და მივეთხუპნე
ბალახს თიმთიმა ჟელესავით.
 
სომხურიდან თარგმნეს დიანა ანფიმიადიმ და ასია დარბინიანმა