ლიუკ კენარდი

დაიბადა კინგსტონში ტემზაზე 1981 წელს და გაიზარდა ლიუტონში. მან მოიგო ავტორთა საზოგადოების ერიკ გრეგორის სახელობის ჯილდო 2005 წელს თავისი პროზაული ლექსების პირველი კრებულისათვის „სოლექსის ძმები“, რომელიც იმავე წელს გამოიცა გამომცემლობა „სტრაიდის“ მიერ. მისი მეორე კრებული „ნავსაყუდელი კინოს მიღმა“ გამომცემლობა „სოლტმა“ გამოსცა 2007 წელს და ფორვარდ ფრაიზის მოკლე ნუსხაში აღმოჩნდა წლის საუკეთსო კრებულის ნომინაციაში, რითაც ლიუკ კენარდი ამ პრემიის მოკლე ნუსხის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატად იქცა. მისი ბოლო კრებული, „დაკარგული ექსპრესია“ 2012 წელს გამოიცა ექსპერიმენტულ მოთხრობასთან „ჰოლოფინთან“ ერთად, რომელმაც იმავე წლის Saboteur Novella-ს ჯილდო მოიპოვა. მისი პროზა და ლიტერატურული კრიტიკა იბეჭდება ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა Poetry London, the Times Literary Supplement და The National. კენარდს მიენიჭა დოქტორის ხარისხი ექსტერის უნივერსიტეტში და იგი ასევე ასწავლის ბირმინჰემის უნივერსიტეტში. მისი ნამუშევრები თარგმნილია გერმანულს, ესპანურ და ჩინურ ენებზე. 2014 წელს კენარდი „პოეტურმა წიგნის საზოგადოებამ“ მომავალი თაობის პოეტთა შორის დაასახელა, ამგვარი სიები ათ წელიწადში ერთხელ დგება. მისი ლექსების მეხუთე კრებული, „კაენი“ ზაფხულში გამოიცემა, პირველი რომანი „ტრანზიცია“ კი 2017 წელს დაიბეჭდება.

 

გუნდი
 
ზაფხულის პირველი დღიდან მოყოლებული, გუნდმა არ მოასვენა;
გაიღვიძა და რას ხედავს, საწოლთან შემოხვევიან.
ერთ დღესაც გუნდი თავს დაადგა გაუფრთხილებლად,
ოთხხმიანი ჰარმონიით უმღერა და დაბრაწული პური მიართვა.
სამსახურში გასვლის პირველ დღეს გუნდი სამუშაო მაგიდასთან ედგა
და მღეროდა. პროფესიული საქმიანობა შეუძლებლად გადაუქცია.
ორი კვირის შემდეგ კი პარტნიორი გაექცა ოსტეოპათთან.
ჰანა გუნდს სულ ვეღარ იტანსო, მღეროდა გუნდი.
იმ ღამეს გუნდის მომღერლებს მუშტები დასცხო;
გამწარებული სცემდა გუნდს, მაგრამ ნაბეგვი და
ტუჩგამსკდარი გუნდი ორმაგი შემართებით მაინც მღეროდა.
მერე ისევ უმღეროდნენ, ვერ იძინებს, ვერ იძინებსო,
ვერ იძინებსო, უნაკლო მეხუთედებით, სანამ მაინც არ ჩაეძინა.
დრო გავა და შეგვიყვარებო, ძალიან ჩუმად უმღეროდნენ ისევ ისინი.
 
ინგლისურიდან თარგმნა დავით გაბუნიამ