ეთგარ კერეთი

ისრაელელი მწერალი და დრამატურგი. დაიბადა რამათ განში 1967 წელს. არის არაერთი პრიზისა და პრემიის ლაურეატი ლიტერატურასა და კინოში. არის ფრანგული ხელოვნებისა და ლიტერატურის რაინდის მედლის მფლობელი.
ფილმისათვის „მედუზა“ ის და მისი მეუღლე კანის კინოფესტივალის „ოქროს კამერის“ გამარჯვებულები გახდნენ. კერეთის პუბლიკაციები იბეჭდება ისეთ ცნობილ ჟურნალებში, როგორიცაა „პარიზ რევიუ“ და „ნიუ იორკერი“. კერეთის მოთხრობები და პიესები 39 ენაზეა ნათარგმნი და გამოცემულია 44 ქვეყანაში.
მათ შორის, ქართულად უკვე გამოცემულია “ნებროთმა გარეკა“ და „უეცრად კარზე აკაკუნებენ“. ამჟამად ლექციებს კითხულობს ნეგევის ბენ-გურიონის უნივერსიტეტში.
 
 
უეცრად კარზე აკაკუნებენ
(ნაწყვეტი)
 
- რამე მომიყევი, - მიბრძანებს ჩემს სასტუმრო ოთახში, ტახტზე მჯდარი წვეროსანი კაცი.
ვერაა მოსაწონი საქმე. მე ამბებს ვწერ, კი არ ვყვები. მით უმეტეს - შეკვეთით. რამე მომიყევიო, ბოლოს ჩემმა შვილმა მთხოვა - ერთი წლის წინ. რაღაც ვუამბე ფერიასა და ქრცვინზე, კარგად არც მახსოვს, რა, და ორ წუთში ღრმად ეძინა. მაგრამ ახლა სულ სხვა მდგომარეობაა: ჩემს შვილს არც წვერი აქვს, არც პისტოლეტი, თან, მიამბეო, საყვარლად მთხოვა; ეს კაცი კი ნამდვილი ყაჩაღივით მელაპარაკება.
ვცდილობ, ავუხსნა, რომ ორივესთვის აჯობებს, თუ პისტოლეტს გვერდზე გასწევს; აბა, რა ამბავი უნდა მოიგონო, როცა გადატენილ რევოლვერს გიმიზნებენ შუბლში, მაგრამ კაცი უარზეა.
- ამ ქვეყანაში ასეა, - აქეთ მიხსნის, - თუ გინდა რამეს მიაღწიო, ძალა უნდა იხმარო.
თარგმნა თამარ ბაბუაძემ