მიკოლაი ლოზინსკი

პროზაიკოსი. მიკოლაი ლოზინსკი სწავლობდა სოციოლოგიას
სორბონის უნივერსიტეტში. ის ავტორია წიგნებისა
“მოგზაურობის ცხელება“ (2006), „წიგნი“ (2011) და მოკლე
საბავშვო მოთხრობების კრებულის “ზღაპრები იდასთვის”.
მისი ნაწარმოებები რამდენიმე ენაზეა ნათარგმნი.
მიკოლაი ლოზინსკი თავის ავტობიოგრაფიულ რომანში,
„წიგნი“ (2011) პოლონურ-ებრაული ოჯახის რამდენიმე
თაობის ისტორიას აღწერს - ჰოლოკოსტი, კომუნისტური
ტერორი, 1968 წლის ებრაელთა დევნა, კომუნისტური
რეჟიმისგან გათავისუფლება. რომანის პერსონაჟები
მეოცე საუკუნის დიდი ისტორიული მოვლენების
მონაწილენი არიან.
ლოზინსკის მიღებული აქვს კოშციელსკის ფონდის
პრემია (2007), ჟურნალ „პოლიტიკას“ პრემია კულტურულ
სფეროში (2011) და იანის ბალტვილკის საერთაშორისო
პრემია საბავშვო ლიტერატურაში.
მიკოლაი ლოზინსკის მონაწილეობას თბილისის
საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში მხარს უჭერს
პოლონეთის წიგნის ინსიტუტი (ვარშავა).
 
 
გასაღებები
/ ფრაგმენტი რომანიდან “წიგნი” /
 
როდესაც პაპაჩემი, გასაღებით ხელში, ქუჩაში, თავის
წითელი ფერის ,,ლადა“ მარკის ავტომობილთან დაეცა და
მოკვდა, ეს ყველაფერი ბებიამ ფანჯრიდან დაინახა.
ნანახში დასარწმუნებლად სამზარეულოს ფანჯარასთან
მივიდა და შემდეგ ოთახში დაბრუნდა, დაჯდა დაბალ
სკამზე, სათვალე გამოიცვალა და ტელეფონის ნომერი
აკრიფა.
- ძვირფასო - ზუსტად ასე მიმართა ჩემს უფროს ძმას. -
შენთან რა ხდება? ბინაში ხომ არ ცივა? იცი, პაპაშენთან
რაღაც ყველაფერი წესრიგში ვერაა. ათ წუთზე მეტია,
სახლის წინ წევს და არ ინძრევა. იქნებ მოსულიყავი?
ზევიდან უყურებდა, უცხო ადამიანები როგორ იხრებოდნენ
ყოფილი ქმრის ცხედარზე. ათოვდა მის სამხედრო
ფორმასა და ორდენებს. ტყავის ჩანთა იღლიიდან
გავარდნოდა და ძირს დაცემისას გახსნილიყო. როგორც
ჩანს, მასში ქილა იდო, რადგან მურაბის წვენი ტროტუარზე
იღვენთებოდა.
მათი ცოლ-ქმრობა ოცდაათ წელს ითვლიდა.
ცხედართან ხალხი თანდათან გროვდებოდა. რაღაც
ნაჭერიც გადააფარეს. ვიღაცამ თითი პირველი
სართულისაკენ, პაპას ჭუჭყიანი ფანჯრისაკენ გაიშვირა.
ბებიამ ინსტინქტურად გადადგა ნაბიჯი ოთახის
შუაგულისკენ.
 
პოლონურიდან თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა