ფილიპ ბესონი

ფილიპ ბესონი 16 რომანის, კინოსცენარებისა და პიესების ავტორია, მიღებული აქვს ორი ლიტერატურული პრემია. რომანების "მამაკაცების არყოფნაში", "გვიანი შემოდგომა", "კარგი მიზეზი თავის მოსაკლავად", "იქიდან მოჩანს ზღვა" და "სახლი ატლანტიკის სანაპიროზე" გამოქვეყნების შემდეგ ფილიპ ბესონი საფრანგეთში თავისი თაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მწერლად იქცა. 2014 წლის შემოდგომაზე პარიზში დაიდგა მისი პირველი პიესა "ტანგო ზღვის სანაპიროზე". 2015 წლის იანვარში გამოქვეყნდა ფილიპ ბესონის კიდევ ერთი რომანი "სწრაფი სიცოცხლე", მრავალი ადამიანის მოგონებებით სავსე მონათხრობი, სადაც 24 წლის ასაკში გადაცვლილი მსახიობის, ჯეიმს დინის ბობოქარი ცხოვრებაა აღწერილი. ფილიპ ბესონის მონაწილეობას თბილისის ლიტერატურულ ფესტივალში მხარს უჭერს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის და ფრანკოფონიის საერთაშორისო სააგენტო.

 

იქიდან ზღვა ჩანს

(ფრაგმენტი რომანიდან)

 

აგერ უკვე თხუთმეტი დღეა ლუიზა ანას სახლში დასახლდა. პარიზიდან მომავალი მისი თვითმფრინავი პიზაში დაჯდა და აეროპორტში ნაქირავები მანქანით ოცი კილომეტრი გაიარა ლივურნამდე მისაღწევად. მაჩვენებლების მოუწესრიგებლობისა და ახირებულობის მიუხედავად არ შეცდა, მაშინვე სწორად დაადგა გზას, ტრიუმფით გადალახა ქალაქის ცენტრის ლაბირინთები, ნამდვილად ბედი სწყალობდა. სახლიც ადვილად იპოვა. ანამ უთხრა: `ნახავ, ადვილია, ვერ აცდები, ქალაქის სამხრეთით იქ, სადაც მთები იწყება, მაღალ კონცხზეა შესკუპული და ზღვას გადაჰყურებს, გზიდან ჩანს. და ეს ზუსტად ასეა, როგორც კი თავს დააღწევ ქალაქის ცენტრის ლაბირინთს, ეგრევე ხელისგულზე მოგერთმევა, ნაალაფარივით, ჯილდოსავით. ლუიზამ კვიპაროსების ხეივანში შეუხვია და მანქანა გააჩერა. ბარგი მაშინვე არ გადმოუღია, არც სახლში შესულა. არა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ყორის მიმართულებით და თვალწინ ზღვა გადაეშალა. ქვიშის ამ დაცულ ანკლავში მხოლოდ გულგრილი დედების გვერდით მოთამაშე რამდენიმე ბავშვი შენიშნა, საღამოს ექვსი საათი იყო. არც ტურისტები, არც მოცურავეები. მხოლოდ სიცხე. დამქანცველი სიცხე, რომელმაც ლამის იყო გადააყირავა. მშვიდად მობრუნდა ვილასაკენ. კარი რომ შეაღო, ფართო, ნათელი მისაღები ოთახი აღმოაჩინა თანამედროვე, უბრალო, გატყავებული ავეჯით. შეამჩნია სიღრმეში სოფლური სამზარეულო ახალთახალი კაფელით და გვერდით კაბინეტი, რომლის ფანჯარაც ბაღს გადაჰყურებდა. მეორე სართულზე საძინებელი იყო ბაცი ცისფერი შპალერითა და ძელებით გადაკვეთილი, აშკარად ქალის ხელით მორთული; სააბაზანო ოთახს კი საუკუნის დასასრულის ბენუარი ამშვენებდა. ლუიზა მეორე საძინებელი ოთახის დიდ თეთრ საწოლზე გაიშხვართა, ეს ჩრდილიანი ოთახი იყო; ზეთისხილის ტოტები შემოსეოდნენ ფანჯრის მინებს. ჩაკეტილი ოთახის სუნი კი არსად იდგა, თითქოს ახლახან გაწმინდეს და გაანიავეს ყველაფერიო.

ფრანგულიდან თარგმნა დალი იაშვილმა