კლაუდიო პოცანი

იტალიელი პოეტი, პროზაიკოსი, მუსიკოსი.
კლაუდიო პოცანიმ პოეტური პერფორმანსებით არა
მხოლოდ იტალიაში გაითქვა სახელი, არამედ ევროპის,
აზიის, აფრიკის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის
სხვადასხვა საერთაშორისო პრესტიჟულ ლიტერატურულ
ფესტივალებსა და ტურინის, მონრეალის, პარიზის, კუბის,
ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე.
კლაუდიო პოცანის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე
და შეტანილია პრესტიჟულ ანთოლოგიებსა და
ლიტერატურულ ჟურნალებში.
პოცანიმ 2010 წელს, მუსიკოსებთან ფაბიო ვერნიცისთან
და ანდრეა ვიალარდისთან ერთად გამოსცა ლექსების
კრებულის „ჩრდილების მარშის“ აუდიოჩანაწერი,
რომელიც პირველად აუდიოპოეზიის ისტორიაში ექვსი
კვირის განმავლობაში იტალიური დამოუკიდებელი
რადიოების საუკეთესოთა ოცდახუთეულში სახელდებოდა.
კლაუდიო პოცანიმ 2001 წელს დააარსა „პოეზიის
საერთაშორისო სახლი“, სახლი განთავსებულია გენუის
დოჟების სასახლეში, სადაც ყოველწლიურად 180 უფასო
ღონისძიება ტარდება.
კლაუდიო პოცანის მონაწილეობას თბილისის
საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში მხარს უჭერს
საქართველოში იტალიის საელჩო.
 
 
ჩრდილების მარში
 
აი, ცვივიან თოკები ციდან,
როკვით გარს გივლიან დამზრალი ჯაჭვები,
ეს არის სამყარო კვანძების,
ბნელით დასახსნელი კვანძების,
სანამ მოასწრებს და გაკვეთს
ცას ქუხილი და ფოსფორის ელვა.
ეს არის გორგალი თოკების,
რომელიც მაკრატელს ვერ იტანს,
ეს არის სავარცხელი,
რომელიც უდარდელ დალალებს ესობა.
ეს არის ჩრდილი... ჩრდილი
და წამწამთა ხამხამი უსასრულო.
ჩემს თავს ვაკვირდები და გარშემო კედლებს ვხედავ,
სარკეს ვუყურებ და ისიც ქცეულა კედლად,
შენს მკერდზე წამოზრდილა ვეება კედელივით კანი,
გარდამსახვია მეც კედლად გული და ყველა განცდა.
ისევ და ისევ მოწვიმს ციდან ლოცვა და წყევლა
და რაც კი ქვიშას ეხება, მაშინვე იქცევა ორთქლად,
მოწამლულ დუმილში ფუთფუთი გააქვთ
ზმნიზედებს, ზედსართავებს და ყრუ სიტყვებს.
და ისევ ჩრდილი... ჩრდილი
და წამწამთა ხამხამი უსასრულო.
წვიმის წყლით გაბანილ ლივლივა ჭებში
მზის ნაცვლად მხოლოდ მის ანარეკლს ვხედავ
და ღამის წკვარამში მთვარის არსებობას
მამცნობს დაბმული ძაღლების ყეფა.
მშვიდობა ჩემთვის არ ნიშნავს უომრად ყოფნას,
თვით ცნება, არ იყოს ომი - ეს არის მშვიდობა.
და არ იყოს ჩრდილი... ჩრდილი,
და იყოს წამწამთა ხამხამი უსასრულო.
 
იტალიურიდან თარგმნა ნუნუ გელაძემ