მიჰალ ჰავრანი

მიხალ ჰავრანი დაიბადა ბრატისლავაში 1973 წელს. აქვს აკადემიური ხარისხი პროტესტანტულ თეოლოგიაში სტრასბურგის მარკ ბლოშის უნივერსიტეტიდან და არის პარიზის „École pratique des hautes études“-ის ფილოსოფიის დოქტორი. არის თეოლოგი, ჟურნალისტი და მემარცხენე პორტალ Jetotak.sk-ის მთავარი რედაქტორი. 2012 წელს მაროშ ჰეჩკოსთან ერთად დაწერა წიგნი „კანდიდატი“, იმის შესახებ, თუ როგორ ახდენს მედია საზოგადოებით მანიპულირებას. 2013 წელს ამ წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღეს. ერთი წლის შემდეგ მიხალ ჰავრანმა საკუთარი ტელეგადაცემის „ვახშამი ჰავრანთან“ წაყვანა დაიწყო სლოვაკეთის ნაციონალური ტელევიზიის მეორე არხზე. 

 

ღმერთი ხეპრეა (ფრაგმენტი რომანიდან)

1987 წელს საბჭოთა მედიამ პირველად გააშუქა სასტიკი მკვლელობები. ზედიზედ რამდენიმე ტაქსის მძღოლი მოკლეს ვილნიუსში. დამნაშავე ქალაქის რკინიგზის მთავარ სადგურთან ტაქსის გააჩერებდა, მძღოლს გარეუბნის ტყეში წაყვანაზე შეუთანხმდებოდა და მერე ქვით თავს გაუხეთქავდა. სხეულს მანქანიდან გამოათრევდა და შეტენიდა სხვა მანქანაში, რომელიც წინასწარ იქვე დაეპარკინგებინა, და გააქროლებდა ტბის პირას მდებარე აგარაკზე. მას შემდეგ, რაც ტაქსის შვიდიმანქანა გაუჩინარდა, პოლიცია კი ჯერაც აზრზე ვერ მოსულიყო, ვინ უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი, ისინი დაეკონტაქტნენ სამართლის ინსტიტუტს მოსკოვში, რომელმაც დვორკინისკენ გადმოამისამართათ პეტერბურგში და მას შესტენეს მთელი ეს ამბავი. სერგეი ივანოვიჩ დვორკინმა შეკრა ბარგი - ის ვილნიუსში რამდენიმე კვირით გამოუშვეს, რათა მკვლელის ფსიქოტიპი შეედგინა - გამოიძახა ტაქსი და პირდაპირ რკინისგზის სადგურისკენ წააყვანინა თავი და არა აეროპორტისკენ.“მე ჩამოვედი ვილნიუსში პარასკევ ღამით. გავიარ-ამოვიარე სადგურზე, სადაც, წესით, პოლიციის მანქანა უნდა მდგარიყო, მაგრამ არავინაც არ დამხვედრია. დავბრუნდი ისევ სადგურზე და ჯიბეები მოვიქექე, გამომძიებლის ტელეფონისნომერი რომ მეპოვა, მაგრამ იქ მარტო სასტუმროს ჯავშანი და მისამართი აღმოჩნდა. ვილნიუსში აქამდეც რამდენჯერმე ვყოფილვარ. ცოლთან ერთად ჩამოვდიოდი: ჩვენთვის ეს ევროპაში მოგზაურობასავით იყო. ყოველთვის, როცა ვენაში ან პრაღაში წასვლის სურვილი მოგვაწვებოდა, თავს ვილნიუსში ამოვყოფდით ხოლმე. საბჭოთა რეჟიმი აქ უფრო ასატანი იყო, და გორბაჩოვის დროს, თითქმის შეუმჩნეველიც კი. ჩემმა ცოლმა ერთხელ მითხრა, რომ ის ჩრდილოეთში სამუდამოდ დარჩენაზე უარს არ იტყოდა, მაგრამ ვილნიუსს არ ჰქონდა კარგი თეატრები და ოპერები, თუმცა, ჰქონდა ევროპული ქუჩური ცხოვრება, სიცივის მიუხედავად გარეთ გამოფენილი ხალხით.

თარგმნა პაატა შამუგიამ