იუსტინა ბარგელსკა

იუსტინა ბარგელსკა (დაბ. 1977) პოეტი და მთარგმნელია. მისი დებიუტი 2003 წელს შედგა პოეტური კრებულით „გაცნობის სესიები“, ხოლო მის 2009 წელს გამოცემულ  კრებულს „ორი ფიატი“ ქალაქ გდინიის ლიტერატურული პრემია მიენიჭა.

არის რაინერ მარია რილკეს სახელობის  პოეტური კონკურსის ლაურეატი (2001) და იაცეკ ბერეჟინის სახელობის კონკურსის სპეციალური პრიზის მფლობელი (2002). 2010 წელს გამოიცა მისი პირველი რომანი „მოძველებული“, რომელსაც  ქალაქ გდინიის ლიტერატურული პრემია და პოლონელ გამომცემელთა გაერთიანების  პრიზი ერგო. რომანი 2010-2011 წლის საუკეთესო პროზაულ ნაწარმოებად იქნა აღიარებული.

2012 წელს გამოსცა პოეტური კრებული „ბახი ჩემი ბავშვისთვის“, რომლისთვისაც  ვისლავა შიმბორსკას, „გრიფიას“, „სილეზიუსისა“ და „ნიკეს“ პრემიებზე წარადგინეს. 2014 წელს მისი მონოდრამა „Clarissima“ ვიტკაცის თეატრში (ზაკოპანე) დაიდგა, 2015 წელს კი ვარშავის დრამატული თეატრი მის პიესას „ჩემი პირველი სიკვდილი ვენეციაში“ დგამს.

2016 წელს ის ილუსტრატორ ივონა ხმელევსკასთან ერთად გამოსცემს წიგნს „ორივე“ და უფროსი ასაკის ბავშვებისათვის დაწერილ მოთხრობების კრებულს „როზალია გროზას შვიდი პირველი თავგადასავალი“. 2019 წელს კი პოეტურ კრებულს „ნიჭიერი ბავშვი“, რომელიც  ,,სილეზიუსსა“ და ვისლავა შიმბორსკას პრემიაზე იქნა წარდგენილი. 2021 წელს გამოვიდა მისი ფელეტონების კრებული „დალიე ჩემთან ერთად კომპოტი“.

იუსტინა ბარგელსკას ნაწერები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, სლოვაკურ, ჰოლანდიურ, რუსულ, ისლანდიურ, ჩეხურ, უკრაინულ და კორეულ ენებზე.    

 

 

მაისის ხოჭო

 

ძირს ეგდო მარტო, გაჭყლეტილი,

ვიღაცამ ფეხი დააბიჯა კიბის პირველ საფეხურზე -

ქვემოდან ათვლით, ანდა ზემოდან თუ ათვლიდი -

უკანასკნელზე. ეგდო იქ და ტანიდან რაღაც გადმოსდიოდა. 

შვილმა მკითხა, ამას ხომ არ ვგულისხმობდი,

გაზაფხულის სასწაულებს და ახალ სიცოცხლეს რომ ვუხსენებდი. 

მივუყვებოდით უბრალოდ გზას და იქაურობა ისე იყო,

როგორც ბირთვული სოკოების აფეთქებისას. ჰო, მაშინ ამას

ვგულისხმობდი, გინც სიტყვით, გინდ გულში გავლებით. და აბა ნახე,

რა მომხდარა. 

 

ის გაუგვია ვიღაცას ღამით. თუმცა ბევრს არ დაუნახავს,

მარტო მე, ჩემს შვილს და მეეზოვეს. უმეტესობა ცოცხლები ვართ დღემდე,

თუმცა ზოგიერთი ჩვენგანი მოკვდა. 

 

პოლონურიდან თარგმნეს ქეთი ქანთარიამ და შოთა იათაშვილმა