დოროტა მასლოვსკა

დოროტა მასლოვსკა (დაბ. 1983) - მწერალი, დრამატურგი, ფელეტონისტი. მისი სადებიუტო რომანი - „პოლონურ-რუსული ომი თეთრ-წითელი დროშის ქვეშ“ (2002) XXI საუკუნის პირველი დეკადის ერთ- ერთი ყველაზე ხმამაღალი დებიუტი იყო პოლონეთში. ორი წლის შემდეგ გამოცემულმა „დედოფლის ფარშევანგმა“ მას პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჯილდო მოუტანა „ნიკე“ მოუტანა. 2014 წელს გამოვიდა მასლოვსკას მუსიკალური ალბომი „უსიამოვნო საზოგადოება“ რომელიც მან „Mister D.”-ის ფსევდონიმით გამიუშვა. მისი პიესები - „პოლონურად მოლაპარაკე ორი საწყალი რუმინელი“ (რეჟისორი ფშემისლავ ვოიჩეშეკი, 2006) და „ჩვენ ერთმანეთთან კარგად ვართ“ (რეჟისორი გჟეგოჟ იაჟინა, 2009) - დაიწერა თეატრ „TR Warszawa“-ს შეკვეთით.

დოროტა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხშირად მოთხოვნადი ავტორია პოლონეთში. მისი ერთი პიესა რვაჯერ ხოლო მეორე ცხრაჯერ დაიდგა. სცენაზე არაერთხელ დადგმულა მისი რომანების ადაპტირებული ვარიანტები და თვით კულინარიული ფელეტონებიც კი. მასლოვსკას ნაწარმოებები ითარგმნა და დაიდგა გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ავსტრალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამჟამად ავტორი კვლავ თეატრ „TR Warszawa“-ს დაკვეთით მუშაობს. 

 

ჩვენ აქ ძალიან მაგრად ვართ

(ფრაგმენტი პიესიდან)

 

ტელეწამყვანი: ესე იგი, ვარსკვლავის ცხოვრება სულაც არ არის ისეთი, როგორადაც ბევრს წარმოუდგენია: ბუმბულგარჭობილი გდება წითელ დივანზე და პოლიესტერის კატასთან ერთად ნებივრობა...

მონიკა: ეს მძიმე სამუშაოა, მართლა. ხშირად მომხდარა, რომ ერთფეროვან უსაქმურობაში გატარებული დღის ბოლოს, თან როცა ვერც ზედმეტის დალევის უფლებას მისცემ თავს, ვერც ძილის ან ჭამის, მერე - ვერ მოფსმის და მოჯმის, შუალედებში კი - გაოფლიანების უფლებას, ისეთი დავიწროვებული, დაგრძელებული და დაქანცული ვყოფილვარ, რომ პირდაპირ ფოტოშოპში, იქაურ სავარძელში დამძინებია - თავიც არ მქონია, სადღაც, სახლში დავბრუნებულიყავი, დაღლილობისგან მავიწყდებოდა, რომ სახლში არავინ მყავდა, იმიტომ რომ მე თვითონაც არ ვარსებობდი და მთელი დღეები და ღამეები ვიწექი და ველოდებოდი, რომ ვიღაც შემამჩნევდა, გამაფართოვებდა და დამამოკლებდა, დაკარგული ჭიპის ფანტომურ ტკივილზე რომ არაფერი ვთქვათ.

ამავე დროს, ძალიან მადლიერი ვარ, რომ არ ვარსებობ და არ ვცხოვრობ, ერთი მხრივ, არავინ ვარ, მეორე მხრივ - მაგალითად, არ ვარ პოლონელი.

ტელეწამყვანი: თუ ასეა, მაშინ არაჩვეულებრივად ლაპარაკობ პოლონურად, გამართულად და უაქცენტოდ.

 

პოლონურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ