როზარია ლო რუსო

პოეტი, პერფორმერი, მთარგმნელი, ესეისტი. ცხოვრობს ფლორენციაში, სადაც დაიბადა 1964 წელს. მისი ლექსები შეტანილია მრავალ პოეტურ ანთოლოგიაში. თარგმნილი აქვს ენ სექსტონის, ერიკა ჯონგის, ჯონ დონის, სილვია პლათის, კეროლ ენ დაფის ლექსები, ასევე არგენტინელი ალფონსინა სტორნის მთელი შემოქმედება. მონაწილეობა აქვს მიღებული პოეზიის არაერთ ფესტივალში ევროპის თითქმის ყველა ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, არგენტინაში, ჩინეთში, იაპონიასა და ავსტრალიაში. როგორც შუა საუკუნეების და თანამედროვე იტალიური პოეზიის, კომპარატივისტული და ქალთა პოეზიის მკვლევარს, და ასევე, თეატრალური დისციპლინის ექსპერტს, ჩატარებული აქვს მრავალი ლექცია იტალიის, აშშ-ს, უნგრეთის და არგენტინის უნივერსიტეტებში. 
მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრესტიჟული პრემია, მათ შორის: „ფერონიას ლიტერატურული პრემია“, პოეზიის საერთაშორისო პრემია, „ტივოლი ევროპის ახალგაზრდები“, „კამაიორეს ლიტერატურული პრემია“ და სხვ. 
მისი ლექსები თარგმნილი და გამოცემულია ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, გერმანულ, იაპონურ და ჩინურ ენებზე. 
 

***

ჩვენ, ვინც მოვაწყეთ რევოლუცია და შედეგი

არ მოგვიტანა, ახლა ვეწევით და ბოლს შხამიან რძესავით

ვიწოვთ. ახალმა პაპმა ჯოჯოხეთის

პირველი წრეც კი მოასუფთავა, თვით უნათლავი

ბავშვიც ვერ შესძლებს იოცნებოს თუნდ სანახევრო უკვდავებაზე.

მძიმე ლითონთა ტოქსიკური ნარჩენებია გაბნეული

ჰაერში და ჩვენ მათ ვისრუტავთ.

სამოქალაქო უფლებები - სიტყვებია მხოლოდ ფუტურო.

ენით უთქმელი სიამოვნებით ჩავიკითხე წმიდა ტერეზას*

ძვირფასი და ძველი თარგმანი. ჭეშმარიტად უბადლოა ღირებულება -

შენი სხეული დაამცრო და მიასიკვდილო.

 

იტალიურიდან თარგმნა ნუნუ გელაძემ