ჰამიდ ჰერისჩი

დაიბადა ბაქოში 1961 წელს, ირანელი პოლიტიკური ემიგრანტის ოჯახში. 1985 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1985-1994 წლებში მუშაობდა ნიზამი განჯელის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. მისი ტექსტები იბეჭდებოდა სხვადასხვა გაზეთებსა და ჟურნალებში. ჰამიდ ჰერისჩის გამოცემული აქვს შვიდი წიგნი, მათ შორის რომანები, პროზაული, პოეტური და პუბლიცისტური კრებულები.

1994 წლიდან ჰერისჩი მუშაობს სხვადასხვა ტელევიზიებში. არის მრავალი ტელეგადაცემის ავტორი და აზერბაიჯანში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანად და პოეტად ითვლება. ამჟამად მიჰყავს ყოველდღიური დილის ლიტერატურული გადაცემა ტელეკომპანია „ხაზარის“ ეთერით.

 

90-იანი წლები, ვიხსენებ რა 80-იანი წლების საკუთარ ოცნებებს, ვნაღვლობ

ჩვენი ჯიბეები ფულისთვის კი არაა,

არამედ ჩვენი ხელებისთვის...

აი, თურმე რა გადაგვავიწყდა...

ეს საითკენ მიგორავენ

საქორწინო ბეჭდების ბორბლებზე შემდგარი

ადამიანური სიყვარულები?

საითკენ?

უფალზეა მხოლოდ იმედი,

თავში - სხეულის გარეთ წოდებულ მანსარდზე კი -

აურზაურია, ალიაქოთი,

და პაწაწკინტელებმაც,

უკვე რომ არ სწამთ ამ სამყაროს სისპეტაკისა,

წიგნებს ორ-ორი გადასაკრავი გადააკრეს...

ო, მაინც რა უაზროა

მთელი ეს ჩვენი საუბრები,

სათვალით შობილი

ილუზიური ღიობები,

და ჩვენში რომ ვთქვათ,

ნეტა რომელი სამშობლოსი,

ნეტა რომელი სიმამაცის კვლავ უნდა გვწამდეს?

რადიოანტენები საითკენაც გინდა მიმართო,

ყველგან მახინჯი ბგერებია...

 

აქ - შეუძლებელსაც კი ვიზამდი -

ნემსითაც კი გავთხრიდი სამარეს და

ჩავწვებოდი,

გავჭიმავდი ბოლომდე ხელ-ფეხს.

  აზერბაიჯანულიდან თარგმნეს ოქტაი ქაზუმოვმა და შოთა იათაშვილმა