არნე სვინგენი

დაიბადა ოსლოში, 1967 წელს. ნორვეგიის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორია. წერს როგორც ბავშვებისთვის საინტერესო, ასევე ახალგაზრდებისთვის აქტუალურ ტექსტებს.
საბავშვო წიგნების გარდა არნე სვინგენს დაწერილი აქვს რამდენიმე რომანი, ასევე რადიოპიესები ნორვეგიული რადიოსათვის და გრაფიკული რომანები. მისი წიგნების დიდი ნაწილი მრავალ ქვეყანაში იყიდება, მისი ტექსტები თარგმნილია ჩვიდმეტ ენაზე. 2005 წელს რომანისთვის „შავი სპილოს ძვალი“ გადაეცა ბრაგეს ლიტერატურული პრემია. საერთაშორისო აღიარება მოუტანა წიგნმა „ბალადა გატეხილ ცხვირზე“ (2012), რომელიც თოთხმეტ ენაზეა ნათარგმნი. საქართველოში ეს წიგნი “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” გამოსცა. 

 

“ბალადა გატეხილ ცხვირზე“ (ფრაგმენტი)

 

არაფერია. ასეთებიც ხდება.


იატაკზე ვწევარ. სულ რამდენიმე წუთის წინ ფეხზე ვიდექი. სამყაროს ვერტიკალურად აღვიქვამდი და თავს ისე კარგად ვგრძნობდი, როგორც არასდროს. ზოგი დარტყმა შოკს ჰგავს.


ოთახის კუთხეები ტალღებივით ლივლივებს. გულისრევის შეგრძნება მაქვს. ზუსტად ისეთი, გემზე რომ იცის ხოლმე.


- კარგად ხარ?


თანხმობის ნიშნად თავს ვუკრავ. ასე მგონია, სარეცხის მანქანაში ვბზრიალებ.


- წამოდგომა შეგიძლია?


რა თქმა უნდა, შემიძლია, მაგრამ ჯერ ვერ ავდგები. მინდა, აქ ცოტა ხანს კიდევ ვიწვე... სულ ცოტა ხანს.


- შეგნებულად არ დამირტყამს.


ცხადია, არ ეგონა, ასეთი სიზუსტით თუ მდრუზავდა. კრისტიანს ბუნდოვნად ვხედავ, თითქოს ხარვეზებით გასულ სატელევიზიო გადაცემას ვუყურებდე.


კრისტიანი მომწონს. ჩემთან ერთად ვინც ვარჯიშობს, ყველა მომწონს. არ გამიკვირდება, მათაც რომ მოვწონდე.


- ცოტა ხანს დააცადე.


ამჯერად მწვრთნელის ხმა ჩამესმა. ეს სწორედ ის მწვრთნელია, გამუდმებით რომ გვიმეორებს: მთავარია გწამდეთ და მთების გადადგმასაც შეძლებთ; თუ მოინდომებთ, ყველაფერს მიაღწევთო. იმწუთას, როცა ამას ამბობს, მისი უპირობოდ მჯერა.


თუმცა, საღამოობით, ან მეორე დილას, ან თუნდაც სკოლაში, მისი სიტყვები ნაკლებ სარწმუნოდ მეჩვენება ხოლმე. ახლაც, აქ რომ ვწევარ და გული მერევა, ზუსტად იგივე განცდა მაქვს. მწვრთნელი და კრისტიანი ფეხზე წამოდგომაში მეხმარებიან. ისევ საკუთარი ფეხების იმედად ვრჩები.

 

ნორვეგიულიდან თარგმნა თამარ კვიჟინაძემ