არნე სვინგენი - ფესტივალის მონაწილე.



2018-04-24



არნე სვინგენი - თბილისის მე-4 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილე.

დაიბადა ოსლოში, 1967 წელს. ნორვეგიის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორია. წერს როგორც ბავშვებისთვის საინტერესო, ასევე ახალგაზრდებისთვის აქტუალურ ტექსტებს.

საბავშვო წიგნების გარდა არნე სვინგენს დაწერილი აქვს რამდენიმე რომანი, ასევე რადიო-პიესები ნორვეგიული რადიოსათვის და გრაფიკული რომანები. მისი წიგნების დიდი ნაწილი მრავალ ქვეყანაში იყიდება, მისი ტექსტები თარგმნილია ჩვიდმეტ ენაზე. 2005 წელს რომანისთვის „შავი სპილოს ძვალი“ გადაეცა ბრაგეს ლიტერატურული პრემია. საერთაშორისო აღიარება მოუტანა წიგნმა „ბალადა გატეხილ ცხვირზე“ (2012), რომელიც თოთხმეტ ენაზეა ნათარგმნი. საქართველოში ეს წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა.

 

ბალადა გატეხილ ცხვირზე
(ფრაგმენტი)

არაფერია. ასეთებიც ხდება.
იატაკზე ვწევარ. სულ რამდენიმე წუთის წინ ფეხზე ვიდექი. სამყაროს ვერტიკალურად აღვიქვამდი და თავს ისე კარგად ვგრძნობდი, როგორც არასდროს. ზოგი დარტყმა შოკს ჰგავს.
ოთახის კუთხეები ტალღებივით ლივლივებს. გულისრევის შეგრძნება მაქვს. ზუსტად ისეთი, გემზე რომ იცის ხოლმე.
– კარგად ხარ?
თანხმობის ნიშნად თავს ვუკრავ. ასე მგონია, სარეცხის მანქანაში ვბზრიალებ.
– წამოდგომა შეგიძლია?
რა თქმა უნდა, შემიძლია, მაგრამ ჯერ ვერ ავდგები. მინდა, აქ ცოტა ხანს კიდევ ვიწვე... სულ ცოტა ხანს.
– შეგნებულად არ დამირტყამს.
ცხადია, არ ეგონა, ასეთი სიზუსტით თუ მდრუზავდა. კრისტიანს ბუნდოვნად ვხედავ, თითქოს ხარვეზებით გასულ სატელევიზიო გადაცემას ვუყურებდე.
კრისტიანი მომწონს. ჩემთან ერთად ვინც ვარჯიშობს, ყველა მომწონს. არ გამიკვირდება, მათაც რომ მოვწონდე.
– ცოტა ხანს დააცადე.
ამჯერად მწვრთნელის ხმა ჩამესმა. ეს სწორედ ის მწვრთნელია, გამუდმებით რომ გვიმეორებს: მთავარია გწამდეთ და მთების გადადგმასაც შეძლებთ; თუ მოინდომებთ, ყველაფერს მიაღწევთო. იმწუთას, როცა ამას ამბობს, მისი უპირობოდ მჯერა. თუმცა, საღამოობით, ან მეორე დილას, ან თუნდაც სკოლაში, მისი სიტყვები ნაკლებ სარწმუნოდ მეჩვენება ხოლმე. ახლაც, აქ რომ ვწევარ და გული მერევა, ზუსტად იგივე განცდა მაქვს.
მწვრთნელი და კრისტიანი ფეხზე წამოდგომაში მეხმარებიან. ისევ საკუთარი ფეხების იმედად ვრჩები.
– ცოტა ხნით შეისვენე, – მეუბნება მწვრთნელი.
შეშინებული თავის დაქნევას ვეღარ ვბედავ. გრძელ სკამთან ლასლასით მივდივარ, ვჯდები და იქ ვრჩები მანამ, სანამ სამყარო რყევას, რხევას და ბზრიალს შეწყვეტს.
– კრივში არაა მნიშვნელოვანი, რამდენჯერ დაგანარცხებენ ძირს. მთავარი ისაა, ფეხზე წამოდგომას რამდენჯერ შეძლებ, – მეუბნება მწვრთნელი, თან დამცავ ჩაფხუტს მაძრობს და ყინულიან საფენს მადებს.
რა თქმა უნდა-მეთქი, ვეთანხმები... თუმცა, ვფიქრობ, დღეისთვის საკმარისია.
– კარგი, მაგრამ ოთხშაბათს ხომ შევხვდებით?
– აუცილებლად.
კრისტიანი მხარზე ხელს მიტყაპუნებს. ეს ბიჭი ქალაქის მეორე ბოლოში რომ არ ცხოვრობდეს, დარწმუნებული ვარ, გაკვეთილების შემდეგ სახლამდეც ერთად წავიდოდით ხოლმე.
შინისკენ მივიჩქარი, თვალთან ტკივილს ვგრძნობ. ტკივილი მალევე მივლის და უკეთესად ვხედავ. ყურსასმენებს ვიმაგრებ, მუსიკას ვუსმენ და ცოტა ხანში უკვე აღარც მახსოვს, რა შემემთხვა. 
ისე, ყველაფერი უცნაური მომწონს. მაგალითად, შემიძლია ბლინს ბეკონი მივაყოლო. ანდა, შუაღამისას ავდგე და ყინულივით ცივი რძე დავლიო. მომწონს, როცა ცას ვარსკვლავი სწყდება... მაშინაც კი, როცა ვიცი, რომ ეს უბრალოდ ციური სხეულია და არა თვითმფრინავი ან მფრინავი თეფში. მომწონს, როცა კარგა ხნის წინ მივიწყებული რამ მოულოდნელად მახსენდება. მომწონს მდინარეში ბანაობა ზაფხულის ხვატიანი დღის დასასრულს, როცა სხვა დანარჩენები სახლებისკენ გაიკრიფებიან ხოლმე. კიდევ მომწონს, როცა დედა რამე სასიამოვნოს ჩამჩურჩულებს და მისი ტუჩები ყურზე მიღიტინებს. მგონი, ადრე უფრო ხშირად იქცეოდა ასე.
კიდევ არის რაღაც, რაც ამ ყველაფერს მთლიანად აბათილებს, მთელ სხეულში ცეცხლივით მედება და გულ-მუცელს მწვავს. სიმღერას ვგულისხმობ. თუმცა იმ მელოდიებს არა, რადიოდან ან თანაკლასელთა აიპოდებიდან რომ მოედინება. მე ისეთი ხმები მომწონს, შუშას რომ ამსხვრევს და ყველა სასმენ არხს ერთიანად ავსებს. ზოგჯერ მავიწყდება, სად ვარ და შუა ქუჩაში ბოლო ხმაზე ვმღერი. ცოტა უხერხული კია, მაგრამ მაინც კარგი მგონია.

ნორვეგიულიდან თარგმნა თამარ კვიჟინაძემ