ლიტერატურული ფესტივალი იწყება!



2017-05-20



პატივი გვაქვს მივესალმოთ თბილისის მესამე საერთაშორისო ფესტივალის ყველა სტუმარს!

მოხარულები ვართ, რომ ეს ფესტივალი უკვე მესამედ ტარდება და იმედია, მომავალშიც არაერთხელ უმასპინძლებს ქართველ და უცხოელ ავტორებს.

წლევანდელ ფესტივალს 17 ქვეყნიდან 23 ავტორი ეწვევა.

გვიხარია, რომ წინა ფესტივალებს ბევრი ცნობილი ავტორი სტუმრობდა და მოვახერხეთ ჩვენი მკითხველისათვის ეთგარ კერეთი, დიბისი პიერი, იური ანდრუხოვიჩი, სერგეი ჟადანი,  ვერა პავლოვა და კიდევ ბევრი სხვა გაგვეცნო.  ფესტივალებზე გამართული შეხვედრები,  აუდიტორიის დაინტერესება  თანამედროვე ლიტერატურული პროცესებით, მათი ჩართულობა დისკუსიებში ერთხელ კიდევ შეგვახსენებს ლიტერატურისა და წიგნის მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში.

ფესტივალის პროგრამა მოიცავს პოეზიის საღამოებს, პანელ-დისკუსიებს, საჯარო ლექციებსა და შემოქმედებით საღამოებს.

ფესტივალის განსაკუთრებული სტუმრები არიან გერმანელი ავტორები და გამომცემლები. გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის  საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ქართულ-გერმანული მეგობრობის 2017-18 წლების ფარგლებში ერთობლივად ჩაატარებენ ქართველი და გერმანელი ავტორების შეხვედრებს, პრეზენტაციებსა და სარეზიდენციო პროგრამებს.
2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. სწორედ ამ დიდი და საპასუხისმგებლო მისიის მოსამზადებლად იგეგმება აქტიური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული  ფესტივალი ამ პროგრამის ამოსავალ წერტილსა და ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მთავარი ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერები არიან ასევე თბილისის მერია,  გოეთეს ინსტიტუტი, აშშ-ის საელჩო საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და პოლონეთის წიგნის ინსტიტუტი; ფესტივალის პარტნიორები არიან: კავკასიური სახლი, ქართული ლიტერატურის მუზეუმი, სამეფო უბნის თეატრი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; მედია-პარტნიორები კი ჟურნალ-გაზეთები: „ლიტერატურული გაზეთი“, „არილი“, „ახალი საუნჯე“, „ინდიგო“, „ლიბერალი“ და ტელევიზია „არტარეა“.

მოემზადეთ, 29 მაისიდან 3 ივნისამდე თქვენ ყველაზე ცოცხალი, საინტერესო, შთამბეჭდავი ლიტერატურული მოგზაურობა გელით!