გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია 2017 წელს დავით წერედიანს გადაეცემა.



2017-04-24



თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე, 30 მაისს, მწერალთა სახლში გაიმართება გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის საზეიმო დაჯილდოება. 

ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი  2017 წელს  ქართველი პოეტი და მთარგმნელი, დავით წერედიანი  გახდა. 

დაჯილდოებაზე სიტყვით გამოვლენ: კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გერმანისტი ლევან ბრეგაძე და აღმოსავლეთმცოდნე, პოეტი  და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე.   

თბილისის გოეთეს ინსტიტუტი და DVV  International-ი  გივი მარგველაშილის სახელობის პრემიას უკვე მეხუთედ გასცემენ.

 

"დავით წერედიანი შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში 1963 წლიდან მუშაობდა; 1981 წლიდან ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას.
მის მიერ უბადლო ქართულით ამეტყველებული გერმანული ლიტერატურის ორი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები: გოეთეს ,,ფაუსტი“ და ძმები გრიმების ზღაპრები გარეშე ჩვენი ლიტერატურა ბევრად ღარიბი იქნებოდა.

„ფაუსტი“, რომელსაც დიდი გერმანელი მწერალი და მოაზროვნე, იოჰან ვოლფგანგ გოეთე (1749-1832)  თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებია. მისი ეკვივალენტის შექმნას ისეთივე ტიტანური შრომა სჭირდება, როგორც ავტორისა. ქართველმა მკითხველმა დავით წერედიანის ახალი თარგმანით კიდევ ერთხელ უკეთ გაიცნო მსოფლიო ლიტერატურის შედევრის პირველი ნაწილი და სულ მალე მეორე ნაწილსაც იხილავს.  

ამგვარად, სიმბოლურია ქართულ-გერმანული მეგობრობის საიუბილეო 2017 წელს  დავით წერედიანის გივი მარგველაშვილის პრემიით დაჯილდოება. 

პატივისცემით,

დოქ. შტეფან ვაკვიცი. თბილისის გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი.

მათიას კლინგენბერგი. DVV international-ის კავკასიისა და თურქეთის რეგიონალური ოფისის დირექტორი."