პაატა შამუგია



2017-01-31


პაატა შამუგია

პოეტი.
ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა
სკანდალური წიგნით “ანტიტყაოსანი”. სამწლიანი პაუზის
შემდეგ (2010 წ.) გამოსცა პოეტური კრებული
"უპირატესობა", რომელიც გამოსვლისთანავე მოექცა
ყურადღების ცენტრში.
2011 წელს გამოვიდა პაატა შამუგიას "დაუჯდომელი",
რომელიც ლიტარტურული პრემია “საბას” გამარჯვებული
გახდა წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში.
2012 წელს ჟურნალმა "ცხელმა შოკოლადმა" პაატა
შამუგია წლის ადამიანად დაასახელა.
2014 წელს გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა პაატა
შამუგიას ახალი პოეტური კრებული "შიზოგადოება".
მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ,
თურქულ და გერმანულ ენებზე.
 
 
საქმიანი პოეტი
 
მიმოვდივარ ენაში (უვიზოდ),
ვდებ საქმიან კონტრაქტს ზმნებთან და
არსებით სახელებთან,
შორისდებულებს შორის ვდებ ზავს.
მე საქმიანი პოეტი ვარ.
ვაწარმოებ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს
ბინარულ ოპოზიციებთან,
ზმნისწინის უკან ვდგები - თავაზიანი ვარ,
მაგრამ წარსულ დროს ზურგს ვაქცევ - თავხედი!
ფუძეს ვუსინჯავ საკუთარ თავს - მყარად უნდა ვიდგე.
მე საქმიანი პოეტი ვარ.
ვხვეწ ურთიერთობის ფორმებს - ფორმაში ვარ.
ვაწესრიგებ ჩემი სხეულის
ჩამოქცეულ ინფრასტრუქტურას - დავრბივარ.
განტვირთვის მიზნით, პირველსავე შემხვედრ გოგოში
ვდებ ჰორმონების ინვესტიციას - ოჰო!
არაფერი პირადული, მხოლოდ ლექსი.
მე საქმიანი პოეტი ვარ.
ის, ვინც წლობით ცხოვრობდა მზა პასუხების ციხეში,
ყველა ამნისტიით გამოვუშვი.
დროა, ყველას მოგვესაჯოს მშვიდობა!
დროა, ყველას მოგვესაჯოს სიყვარული!
ახია ჩვენზე!
ნულოვანი ტოლერანტობა წვრილმან გატაცებებს!
მე საქმიანი პოეტი ვარ.
ვცდილობ აღმოვფხვრა სეპარატიზმი -
გაუცხოება ენას (ანუ სახელმწიფოს)
და ადამიანს (ანუ ადამიანს) შორის.
ის, ვინც ლაპარაკობს, ყოველთვის ტყუის.
ვინც წერს, მას კი მუდამ ამჟღავნებს
ის, რასაც წერისას ტყუის.
ჩემი ტყუილი საშუალოა,
ჩემი ლექსები - უშუალო.