ლაშა ბუღაძე

ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი, ბლოგერი, სატელევიზიო
გადაცემის წამყვანი
ავტორია რომანების: „Lucrecia 515”, „პრეზიდენტი
სტუმრად მოვიდა“,“ თავი“, „ბოლო ზარი“, „ოქროს ხანა“,“
ნავიგატორი“.
ლაშა ბუღაძის პიესები იდგმება ქართულ და უცხოურ
ცნობილ თეატრებში: მიხეილ თუმანიშვილის, შოთა
რუსთაველის, სამეფო უბნის, ბათუმის, ფოთის თეატრებში
აგრეთვე რუსეთის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის,
საფრანგეთის სხვადასხვა სცენებზე. მათ შორის
ლონდონში “რივერსაიდ სტუდიოს” სცენასა და თეატრ
“გლობუსში”.
ლაშა ბუღაძე ლიტერატურული პრემია „საბას“ ოთხგზის
გამარჯვებულია სხვადასხვა ნომინაციებში: წლის
საუკეთესო პროზაული ნაწარმოები - „ვიდრე მთავარ
გმირს ეძინა“ (2007), მოთხრობების კრებული - „ნუგზარი
და მეფისტოფელი“ (2003) , პიესებისათვის „ნაფტალინი“
(2009) და „ნავიგატორი“ (2011). გარდა ამისა, 2007 წელს
ის რუსეთის ხელოვნების პრემის „ტრიუმფი“-ს
გამარჯვებული გახდა, 2011 წელს “ბი-ბი-სი” რადიოს
პირველი პრემია გადაეცა პიესისათვის „ნავიგატორი“.
მისი წიგნები და პუბლიკაციები ნათარგმნია რუსულად,
სომხურად, ფრანგულად, ინგლისურად და პოლონურად.
 
 
პუტინის დედა
მონოპიესა
 
შესავლის მაგიერ
საქართველოში ბევრმა იცის, რომ ქვეყნის შუაგულში,
კასპთან, იმ ქალაქს შორის, სადაც ოდესღაც სტალინი
დაიბადა და სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის
შემდეგ, სამხრეთ ოსეთის არაღიარებული, უფრო სწორად,
მხოლოდ რუსეთის მიერ აღიარებული და რეალურად კი
ოკუპირებული “სახელმწიფო” გაჩნდა, მოხუცი ქალბატონი,
ვერა პუტინა ცხოვრობს. ეს ქალბატონი უკვე წლებია
ერთსა და იმავეს იმეორებს, რომ ის რუსეთის
პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დედაა და უცნაურ,
პარადოქსალურად დამაჯერებელ ამბებს ჰყვება რუსეთის
ამჟამინდელი მმართველის ბავშვობის შესახებ.
კასპის რაიონში რომ ჩახვიდეთ და პირდაპირ ჰკითხოთ
შემხვედრებს, პუტინის დედა სად ცხოვრობსო, არც
დაიბნევიან, ხელად მიგასწავლიან მის საცხოვრებელს:
“პუტინის დედა? აგერ ცხოვრობს, სოფელ მეტეხში”.
რამდენიმე წლის წინ მის შესახებ დოკუმენტური ფილმი
გადაიღეს, თუმცა მისი ნაამბობის ნამდვილობა არც
არავის დაუდასტურებია და არც არავის უარუყვია. ერთი
კია, არცთუ დიდი ხნის წინ რომელიღაც ქართულ გაზეთში
ამოვიკითხე, რომ ქართველ ექსპერტებს ამერიკელთა
დახმარებით ჩაუტარებიათ ამ ქალბატონისა და ვლადიმერ
პუტინის თმის DNA-ის ანალიზი (თურმე, ამერიკელებს
მოუპოვებიათ პუტინის თმის ღერი) და ამ ექსპერიმენტის
შედეგად ერთხელ და სამუდამოდ დადასტურებულა მისი
დედობა.
ვერ გეტყვით, რამდენად სარწმუნოა ეს ცნობა, მაგრამ
თავისთავად იმის გამოძიებაც საინტერესო იქნებოდა,
როგორ და რა ვითარებაში მოხდა პუტინისთვის თმის
ჩამოწიწკვნა (თან ისე, რომ მას ვერ გაეგო)? ბუნებრივად
ხომ არ დასცვივდებოდა? შესაძლებელია, რომ მისი
რომელიმე კოლეგა-პრეზიდენტი წაპოტინებოდა?