ლია ლიქოკელი



2017-01-31


ლია ლიქოკელი

ლია ლიქოკელი დაიბადა 1986 წელს. დაამთავრა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი კინორეჟისურის სპეციალობით. 2008-2013 წლებში მუშაობდა დუშეთის სახალხო თეატრში რეჟისორად. პირველი წიგნი, პოეტური კრებული „დევის ცოლის სიცილი“ გამოიცა 2013 წელს და 2014 წელს მიიღო პრემია „საბა“ ნომინაციაში წლის საუკეთესო დებიუტი.
არის ლიტერატურულ კონკურს „წეროს“ გამარჯვებული 2014 და 2015 წლებში, ასევე მიღებული აქვს წინანდლის პრემია პოეზიის ნომინაციაში - 2016 წელს.
მისი ლექსები თარგმნილია შვედურ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.
 
 
* * *
(ნაწყვეტი)
 
მე პაპაჩემი მძულდა და მინდოდა, მომკვდარიყო.
მძულდა მისი წყლისფერი თვალები, როცა მიყურებდა და ვგრძნობდი,
ერჩია, ვინმე სხვა დაენახა.
მძულდა მისი ქუდი, რომელსაც მხოლოდ ძილში იხდიდა
და ბავშვობიდან ვიცოდი, დავისჯებოდი, თუ შევეხებოდი.
მძულდა სახლის სიჩუმე მისი შინ ყოფნისას,
თითისწვერებზე სიარული და სიცილის მოთმენა, როცა ხასიათზე არ იყო.
მძულდა ჯოხი, რომელსაც ძროხებს ურტყამდა და ზოგჯერ ჩემს კატას,
ცული, რომლითაც ტყეში დადიოდა და ხეებს ხოცავდა
ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, სანამ სიარული შეეძლო.
მძულდა მისი მსუბუქი, მოძრავი სხეული,
რომელსაც ვერაფრით ეწეოდა სიბერე.
და ვფიქრობდი, ვერც სიკვდილი დაეწეოდა.
წელიწადში ორჯერ მიდიოდა ქალაქში მანქანის ნაწილების საყიდლად,
ან რაღაც სხვა საქმის მომიზეზებით.
აუცილებლად შეივლიდა აბანოში და ნავთლუღის ბაზარში,
საიდანაც მოჰქონდა ბევრი უსარგებლო ნივთი
და ჭრელი საკაბეები დედაჩემისთვის.
ერთხელ ყური მოვკარი, ამბობდნენ, რომ ქალაქში ქალი ჰყავს,
და წელიწადში ორჯერ მისთვის მიაქვს ბებიაჩემის გაკეთებული ყველი.
უკან დაბრუნებულს მოჰქონდა ავტობუსების სადგურში ნაყიდი
ძველი, ძნელად დასაღეჭი თაფლაკვერები.
ის თაფლაკვერები ყველაფერს მერჩია და ისე ვჭამდი, არავის გაეგო.
ვჭამდი და ვფიქრობდი, რომ ეს კაცი არასოდეს მოკვდება.