ზურა ჯიშკარიანი



2017-01-31


ზურა ჯიშკარიანი

მწერალი, პოეტი და გეიმ დიზაინერი, დაიბადა 1985 წელს ქალაქ სოხუმში.
წერს ბლოგებს სხვადასხვა ჟურნალებისთვის, მათ შორის “ნეიშენალ ჯეოგრაფიკი საქართველო”, “ლიბერალი”, “XII” და “ინდიგო”. იგი ასევე არის მრავალი პროექტის ავტორი და კოორდინატორი, მათ შორის „ონლაინ ილიაუნი“, ინტერაქტიული ონლაინ უნივერსიტეტი; “ინტერაქტიული ბიბლიოთეკა”. “კიბერგალაკტიონი” - გალაკტიონ ტაბიძის ჩეთბოტი, მოჩეთავე პროგრამა. ამჟამად მუშავდება ვირტუალური რეალობის მუზეუმი - იდეის ავტორი, პროექტის კოორდინატორი, ნარატივ-დიზაინი. 2014-2015 წლებში ხელმძღვანელობდა პროექტს „ქუჩის აკადემია“ ონლაინ ტელევიზია „არტარეას“ ეთერში. მასვე ეკუთვნის პროექტი SpacePunk - ვიდეობლოგი თანამედროვე ხელოვნებისა და ტექნოლოგიების შესახებ.
 
 
სპონტანური დაურედაქტირებელი მადლობა
 
(ქებათა ქება ჰაკიმისა)
(ნაწყვეტი)
სალამ! მე მქვია ჰაკიმ ზურაბის ძე და ყველაზე მეტად მიყვარს, როცა ჭკუა არ მომეკითხება, იუთუბზე პოლიციელებს ხოცავენ და ჩემი ქვეყანა. ჩემი ქვეყანა განსაკუთრებით.
ადრე მეგონა, რომ არ მიყვარდა. და როგორ ვცდებოდი!
რაღაცით იმას ჰგავს, სკოლა რომ არ გიყვარს და როცა ამთავრებ, უცებ რაღაც გაურკვეველ ემოციებს გრძნობ.
სიმართლე რო ვთქვათ, ჩვენ ახალგაზრდების დიდ ნაწილს არ გვიყვარს ეს ქვეყანა, ჩვენი დედა, თუ მამა?
ჩვენ გვასწავლიდნენ რომ იბერია დედაა, მაგრამ მე მგონი იბერია მამაა. ძველი აღთქმის ღმერთივით, იაჰვესავით, ეჭვიანი სიყვარულისგან და მრისხანე. აღზრდის თავისებური მეთოდებით.
მე მივხვდი, რომ მიყვარს ამ დანჯღრეული ქალაქების ყველა ჩიხი, ყვავილებივით ასფალტიდან ამოზრდილი კორპუსების სურნელი, ყველა მთავრობა, რომელიც მიდის და მოდის, ”როგორც დილის არამდგრადი ხილვები, ან წინაღამის არამდგრადი შეყვარებულები”, მეტროს მემანქანეები, საყვარელი იდიოტი სელებრითები, დევნილების დასახლებები… ხო გინახავთ დევნილების დასახლებები?
პოსტაპოკალიპსური ურბანული დიზაინი, გაურკვეველი მიშენებებით, ლუდის ქილებით აწყობილი ანტენებით - სად შეიძლება კიდე ესეთი რამის ნახვა?