ზაზა კოშკაძე

ზაზა კოშკაძე

ავტორის ნამდვილი სახელია ლევან ცერცვაძე. დაიბადა 1982 წელს. დაამთავრა ქართული ხალხური მუსიკის ფაკულტეტი თბილისის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში. იყო „ალტერნატიული პოეზიის ქსელის“ და მოგვიანებით კი „ვარდისფერი ავტობუსის“ თანადამაარსებელი სხვა ახალგაზრდა პოეტებთან და არტისტებთან ერთად. „ვარდისფერი ავტობუსის“ ანთოლოგია გამოიცა 2007 წელს. მისი ორი მოთხრობა სხვადასხვა წლებში შესულია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის „წლის საუკეთესო 15 მოთხრობაში“. მისი სადებიუტო პოეტური კრებული „შუაღამის ცეკვა კიბოსათვის“ ნომინირებული იყო პრემია „საბაზე“, დებიუტის ნომინაციაში 2013 წელს. ბოლო ხუთი წელია, მუშაობს კოპირაიტერად ტელევიზიაში. 2010 და 2012 წლებში მონაწილეობდა რამდენიმე ლიტერატურულ სახელოსნოში ბრატისალავაში, სტამბოლსა და პრაღაში. 2013 წელს დააფუძნა ჟანრული პროზის პირველი ფესტივალი „ინსომნია“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკისა და ჰორორის ჟანრების პოპულარიზებას. 2015 წელს იყო მსოფლიო სამეცნიერო ფანტასტიკის კონგრესის მონაწილე აშშ-ში.
 
 
შუაღამის ცეკვა კიბოსთვის
 
ღამეა,
დედას კიბო აქვს,
დროა გავიდეთ ქუჩაში დაიკო
და ვაჩვენოთ მთვრალ კაცებს
რითი დაგვაჯილდოვა ცხოვრებამ
დროა ვეჩვენოთ მთვარის შუქზე
მარტოხელა, მოწყენილ კლიენტებს
დედას ჭირდება ქიმია
და ცოტაოდენი ყალბი ღიმილი
ის კვდება
ჩვენ ახლა გავალთ ქუჩაში დაიკო
და მთელი ღამე ვუგალობებთ
მის დაუნდობელ მეტასტაზებს
ბინძურ სიმღერას
და ვუცეკვებთ მის ტკივილებს
აკრძალულ ცეკვებს
და მოვიტანთ ფულს
დედას ჭირდება პური
და უამრავი თეთრი ტაბლეტი ყოველდღიურად,
ზვიგენის ძვლისგან დამზადებული
ქათქათა ტყუილი
და ერთი ჭიქა ონკანის წყალი მისაყოლებლად
ჩაიცვი დაიკო
ჩაიცვი თხლად და ბოზურად
და ნუ ტირი აქ
დედა გვიყურებს