გიორგი კეკელიძე



2017-01-26


გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე (დ. 10 აპრილი, 1984, ოზურგეთი) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი (2012 წლიდან დღემდე). გიორგი კეკელიძე არის პრემია „საბას“ პრემიის ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (2006-2012 წწ.)

 

საფრთხობელების წიგნი / ღმერთებს - ადამიანებს
 
ჩემს სოფელში არასდროს - სხვისაში
შემხვედრია
 
ჩვენ მძინარე ხის
ნეკნისგან
შეგვქმნეს და მერე სული შეგვიბერეს,
რომ ჩვენი მტვერი გაგვცლოდა
და სხვისი ტანი მოგვეთმინა.
ჩვენ, თქვენზე ოდნავ მაღალი ვართ,
მუდამ ჩვენი ქუდის ფრთას ვუყურებთ,
რომ თქვენი სახე არ შევნიშნოთ
და მოზელილი ნახშირისგან,
თვალებმა,
სათვალედ მიხატულმა,
ჩუმად არ ისწავლონ ცრემლი.
ჩვენ, პირი არ გვაქვს,
ჩვენ ვერ ვსუნთქავთ –
ჰაერი, რომელიც თქვენი ხერხის
გამოხრულ კბილისგან შეგვეპარა,
ჯერაც ფილტვებში გვაქვს – დგომად გვყოფნის
და მხოლოდ მაშინ თუ ამოვუშვებთ,
როცა წელზე სველი, ცივი ქამარივით
ისევ მოგვეხვევა ხერხი.
ჩვენ ენა არ გვაქვს,
თქვენივე ცულებით მოვიკვნიტეთ,
რომ ფერდშევარდნილ ყვავებისთვის
უჩვენო ბოსტნებზე არ გვეამბო.
ჩვენ ფეხი არ გვაქვს
და ირგვლივ ჩრდილებსღა დავაბიჯებთ,
ისიც უცაბედად ზურგზე ხელს თუ წაგვკრავს ქარი.
სიზმარი, რომელიც დავიჩემეთ –
ცარიელ, უხმაურო ცაზე ყვება,
თოფზე და დაფანტულ ბუმბულზე
და ნიშნავს თავისუფალ ბოსტნებს.
სიზმარი, რომელიც დავიჩემეთ,
ასე მოკლეა და სიკვდილს ნიშნავს,
ასე მოკლეა და გვეშინია –
ტანზე ჭრელი ძონძი გვებურძგლება,
ზურგზე ცივი ხავსი გვასხამს.
მტევნებზე სიცოცხლის გრძელი ხაზი,
ჯიბის დანებით რომ დაგვიკაწრეთ,
მოდით და მალევე გადაჭერით,
მოდით და ღრუბლებში შეგვიკეთეთ,
რომ სხვა ზაფხულების ბოსტნებისთვის
გაითბოთ დამზრალი ნეკნი.