ლია სტურუა



2017-01-26


ლია სტურუა

პოეტი, დაიბადა 1939 წლის 15 მაისს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1965 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული ,,ხეები ქალაქში’’. გამოცემული აქვს
20-მდე პოეტური და 2 პროზაული კრებული, სხვადასხვა დროს მიღებული აქვს გალაკტიონ ტაბიძის, ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები; ასევე არის საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და პრემია ,,საბას’ ლაურეატი წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის (2013).
მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო კოლოკვიუმებსა და ფესტივალებში: ისრაელში, გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში. მისი ლექსები თარგმნილია რამდენიმე უცხო ენაზე.
 
 
თებერვალი
 
მკვდრებთან ლაპარაკი კი მეხერხება
და, მაინც, რა უნდა გითხრა?
ნახმარი სიტყვები მომიხშირდა
ლექსიკონში, შენთან დაკავშირებით:
მძიმეა ეს, მიჭირს ის, ვერ ვერევი
თავს, მეხსიერებას, შემოდგომას...
კიდევ უფრო ძნელია თვითკმარობის თამაში:
კი, ქაღალდზე მოწესრიგებული მუსიკა
კანონიერ სახეს იძენს,
ყურადღებიანი თვალების ქვეშ დავდივარ,
ქვებით დაჩეჩქვილი ხმა
არც უნდა ისმოდეს,
შვილი რამსიშორეზეც არ უნდა წავიდეს,
მაინც ჩემი თეძოდან იხედება,
ქმარი მოუკვდა, მისი შვილი
მეორე თეძოზე ამომივიდა,
გაფურჩქნილი იასამანივით დავდივარ,
გაზაფხულზე ვიღაცას უნდა მოვეწონო.
შენს საიქიოში ასეთები ხდება?
ჩვენთანაც აღარ. ისე, მზიანი დღესავით,
გამოვიგონე....