დიბისი პიერი

დიბისი პიერი

დაიბადა 1961 წელს ავსტრალიაში, თუმცა, მან, და მისმა ოჯახმა ცხოვრების დიდი ნაწილი მექსიკაში გაატარეს. ახალგაზრდული სკანდალებითა და თავისი მწერლობით თანაბრად ცნობილი დიბისი პიერი მწერლობამდე მხატვრობით იყო გატაცებული. მისი პირველი წიგნი, „ვერნონ გენიოს ლითლი“ 2001 წელს გამოიცა და იმთავითვე უდიდესი აღიარება მოიპოვა. ეს იყო პირველი წიგნი, რომელსაც გადაეცა როგორც ბუკერის, ასევე უითბრედის პრემიები, გამოქვეყნდა 43 ქვეყანაში. მას მოჰყვა კიდევ ორი რომანი „ლუდმილას დამტვრეული ინგლისური“ (2006) და „ჩამქრალი სინათლე საოცრებათა ქვეყანაში“ (2010), რითაც ერთგვარი კომიკური ტრილოგია დასრულდა. 2014 წელს კი მცირე რომანი „საუზმე ბორჯიებთან“ გამოაქვეყნა.
ამჟამად ცხოვრობს ბრიტანეთსა და ირლანდიაში.
 
 
ვერნონ გენიოს ლითლი
(ნაწყვეტი)
მარტირიო სიცხისგან თუხთუხებს, მაგრამ ხალხი ვერანდაზე გადაშლილ გაზეთებში ახალ ამბებს კითხულობს და ძარღვებში სისხლი ეყინება. რო გითხრათ, აქ ერთ ქალს სამშაბათს ტრასაზე შემოათენდა-მეთქი, მაინც ვერაფრის აზრზე ვერ მოხვალთ. მაზალო, ცხვირაწეულ მისის ლეჩუგაზე მოგახსენებთ. ალბათ თავიდან ფეხებამდე ძაგძაგებდა. ღამის პეპლებსა და მოქანავე ტირიფებს შორის ვერანდებიდან გამოღწეული შუქი სახეზე ტალღებად დაურბოდა, როგორც ქარში მოფრიალე სუდარა. თუმცა ეხლა მაგას ვეღარავინ გაიგებს. დილით, მზე რო ამოვიდოდა, მის ფეხებს შორის დამდგარ გუბეს დაანათებდა. ნორმალური ადამიანისთვის ესეც საკმარისი იქნებოდა, ამ ქალაქიდან ყმუილით გაქცეულიყო, უკანმოუხედავად, შეიძლება სამუდამოდაც. ღმერთია მოწმე, როგორ არ ვეცადე ამ ცხოვრებისთვის რამე გამეგო. ერთ დროს მართლა მქონდა იმედი, რო ჩვენ თავს რამე კარგი მოხდებოდა, მაგრამ იმ ამბების მერე, რაც აქ დატრიალდა, უკვე ძნელია ამის დაჯერება. მაინც რა ცხოვრებაა ეს, ამის დედაც!..
 
ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ